„ნაცმოძრაობამ“ მოისყიდა სარალიძე და ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელეს,-ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდიას ბაბუამ, ბორის კაკუბავამ განაცხადა.
„ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად არ ველოდი. ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამ მიმართულებით მიჰყავდათ მთელი ეს ბრძოლა, სარალიძეს უნდა დაემხო ხელისუფლება. „ნაცმოძრაობამ“ მოისყიდა სარალიძე და ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელეს. ხელისუფლება უნიათოა. ალბათ, საერთოდ არ არსებობს საქართველოში ხელისუფლება. საქართველოს „ოცნება“ არ არის ეს, ვისი „ოცნებაა“, თავად ვერ გაურკვევიათ საცოდავებს. ამ ქვეყანაში სამართალს არავინ ემსახურება, თქვენ ამას ვერ ატყობთ?!ეს ხელისუფლება უვარგისი და მშიშარაა. „ნაცებმა“ ქვეყანას ანახეს, რომ ეს ხელისუფლება ნამდვილად არ არის ღირსი, საქართველოს სათავეში იყოს“ – აცხადებს კაკუბავა.
სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.