რუსთავი2–ის ყოფილი დირექტორი, ნიკა გვარამია ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:
“1 დოლარი უკვე სამი ლარია, და არც ერთი კომპეტენტური უწყება საჭიროდაც არ თვლის, რამე განმარტოს. აი ასე, უბრალოდ ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს და ეკონომიკის ჩამოშლას ვალუტის გადასაცვლელი ჯიხურების ტაბლოებზე ციფრების ცვლილების დონეზე აღვიქვამთ. ახლა ლამის ვზეიმობთ, რომ სამამდე დამრგვალდა. ნუ, თუ არ ვზეიმობთ, ყოველ შემთხვევაში, ძალიან ვერთობით.
მეგობრებო, ცოტა სამართლიანობის და პროპორციულობის შეგრძნება არ გვაწყენდა. ნაცმოძრაობის მთავრობას რომ ეს დაეშვა, ასე იღლიცინებდით? ცხადია, არა. ძალიან ცხადია და ძალიან ბევრად არა.
ანუ მაინცდამაინც სწორი ნაწლავის და ცოცხის ურთიერთობის შესახებ დადგმული იდიოტიზმი არის საჭირო პროტესტისთვის და ლეგიტიმური ბრაზისთვის? რეალური რაც იყო, ის კადრები ნამდვილად კმარა, მაგრამ ვის ახსოვს დაშლილი კარანტინი, სწორედ ფეიკი ცოცხია მითოლოგიზირებული და დღემდე ცოცხის თავის და სწორი ნაწლავის დიამეტრების დატოლებაზე კამათობს საზოგადოება.
და ის, რომ ქვეყანაში მარტო სუსი, პოლიცია და პროკურატურა “მუშაობს”, თან შერჩევითად და პოლიტიკურად მოტივირებულად, ამაზე ვერ ვხურდებით? და ქვეყანაში ეკონომიკური და საფინანსო უწყებები რომ დე-ფაქტო აღარ არსებობს და თვითდინებით მივდივართ (უფრო სწორედ, თავისუფალ ვარდნაში ვართ), ეს “სისტემა უნდა დაინგრეს”-ს ვერ ქაჩავს, თუ ხალხი რომ შიმშილობს, წამების ეს ყველაზე საზარელი ფორმა საკმარისად არ გვესაზარლება?
ერის უკიდურესი პოლიტიკური უმწიფარობაა ეგ.
ps ეროვნულ დონეზე სწორი ნაწლავის (მოგონილ-დადგმული) თემის ასეთ, ლამის მითოსურ, პრიორიტეტიზაციას და ყველა დასაცავ სიკეთეზე მაღლა დაყენებას რა ქვია, ამის განსაზღვრა უკვე ფროიდის კომპეტენციაა. არა მგონია, დიაგნოზი სასიამოვნო მოსასმენი იყოს. მძიმე იქნება, უეჭველად მძიმე.“ – ამბობს გვარამია და ლარის კურსის მოკლე ისტორიას აქვეყნებს ფოტოს სახით – როგორი იყო ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ბოლო 17 წლის მანძილზე.