ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა მას შემდეგ, რაც დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით მის კანონპროექტს მმართველმა გუნდმა მხარი არ დაუჭირა. ნაცვლიშვილმა მოგვიანებით განმარტა, რომ ის ტოვებს როგორც პარტია “ქართულ ოცნებასაც”, ასევე ფრაქციასაც და სავარაუდოდ, დამოუკიდებელ დეპუტატად განაგრძობს საქმიანობას.
დეპუტატმა კანონპროექტის წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტს, მაშინ ის საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებდა.
“მე დავტოვე უმრავლესობა, პარტია, ფრაქცია და ვაგრძელებ დამოუკიდებლად მუშაობას,” ალიანსში არავისთან შევდივარ, დამოუკიდებლად ვაგრძელებ მუშაობას, თუ იქნება საკითხები რომელსაც მხარს ვუჭერ და ვეთანხმები, ექნება ჩემგან მხარდაჭერა. და თუ მე დამჭირდება რომელიმე საკითხზე მხარდაჭერა… აქ არ იქნება გარჩევა, ვინ რომელი პარტიის ან ფრაქციის წარმომადგენელია”, განაცხადა ნაცვლიშვილმა
105 დეპუტატიდან ნაცვლიშვილის ინიციატივას მხარი 42-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 10 დეპუტატი იყო – დასამტკიცებლად სჭირდებოდა სულ მცირე 52 ხმა.
ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტით, უნდა შექმნილიყო “მეორე საპენსიო სვეტი,” რომელიც დაეფუძნებოდა თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპს, შენატანები უნდა განაწილებულიყო დამსაქმებელსა და სახელმწიფოზე დაუბეგრავი ხელფასის სავალდებულო 2-2%-ის ოდენობით და გადარიცხულიყო საპენსიო ფონდში მოქალაქის ანგარიშზე.
ნაცვლიშვილის კანონპროექტით, სისტემაში მონაწილეობა სავალდებული უნდა ყოფილიყო ყველა დასაქმებულისთვის საპენსიო ასაკის მიღწევამდე, პენსიაზე გასვლის შემდეგ კი ნებაყოფლობითი იმ პენსიონერებისთვის, რომლებიც მუშაობას აგრძელებენ.
115-კაციანი უმრავლესობიდან ბექა ნაცვლიშვილის, ეკა ბესელიას და ლევან გოგიჩაიშვილის გასვლის შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში 3/4-იანი საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგა.
“ქართულ ოცნებას” 112 დეპუტატი დარჩა უმრავლესობაში; კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას სულ მცირე 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.