“ნახევარი ნიუსრუმი ავად არის, მეორე ნახევარი კი ნერვიულობისგან გახდება ავად”- გიორგი ლაფერაშვილი

ტელეკომპანია “ფორმულა“ დღეს საინფორმაციო გამოშვებით გავა ეთერში. “ფორმულას“ საინფორმაციო დღეს ზუსტად 20:00 საათზე დაიწყებს, ამის შესახებ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“თუ არ ჩავთვლით, რომ ნახევარი ნიუსრუმი ავად არის, მეორე ნახევარი კი ნერვიულობისგან გახდება ავად. პრინციპში ყველაფერი კარგად არის და ეთერშიც ისე გავალთ, როგორც საჭიროა. გავაკეთებთ იმას, რისთვისაც შევიკრიბეთ – ძალიან ხარისხიან და ძალიან კვალიფიცირებულ ახალ ამბების გამოშვებებს, რომელსაც მაყურებელი მალე შეიყვარებს“, – განაცხადა გიორგი ლაფერაშვილმა.

შეგახსენებთ, “ფორმულამ“ მაუწყებლობა 1 ოქტომბერს, “რუსთავი2“-ის ყოფილი შენობიდან დაიწყო. არხზე არიან, როგორც “რუსთავი2“-ის ჟურნალისტები ასევე ახალი სახეებიც.

“არხზე იქნებიან როგორც „რუსთავი 2“-ს ძველი ჟურნალისტები ისე, ახალი სახეები. საინფორმაციო გამოშვებას წაიყვანს ელისო ჯარიაშვილი ხოლო იმ ჟურნალისტებს შორის ვინც ახალი არხის პოლიტიკას განსაზღვრავენ იქნება: დავით ქაშიაშვილი, სოფო ზურაბიანი, ქეთი ხიდეშელი და ა.შ. გვექნება ყოველდღიური პოლიტიკური თოქ-შოუ, ხოლო ორშაბათიდან ანუ 7 ოქტომბრიდან ეთერში გავა დილის გადაცემა „დილა მშვიდობისა“ , რომელსაც ეკა სამხარაძე გაუძღვება. ჩვენთან იმუშავებენ ნიკა ტაბატაძე და დიმა ობოლაძე. ნიკა ტაბატაძე სპორტული კორესპოდენტია, ხოლო დიმა ობოლაძე გრაფიკოსი“,- განაცხადა ლაფერაშვილმა