“ნამდვილად არ მაქვს ბოდიში მოსახდელი საზოგადოებისთვის”-მოსამართლე თამარ ალანია ეკა ბესელიას

მე ნამდვილად არ მაქვს ბოდიში მოსახდელი, – ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა თამარ ალანიამ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ მას ქართული საზოგადოებისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი.

„2004-2013 წელი იყო რეპრესიული პოლიტიკის პერიოდი, იყო ბევრი უსამართლო გადაწყვეტილება. აღიარებულია, რომ იყო რეპრესიული პერიოდი და ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვა. ეს ყველაფერი არ ხდებოდა აბსტრაქტულად, ხდებოდა სასამართლოს ხელით. ფიქრობთ თუ არა დღეს, ამ გადასახედიდან, რომ ბოდიში გაქვთ მოსახდელი ქართული საზოგადოების მიმართ?“- განაცხადა ბესელიამ.

საპასუხოდ ალანიამ აღნიშნა, რომ ბოდიში მოსახდელი არ აქვს.

„მე ნამდვილად არ მაქვს ბოდიში მოსახდელი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ჩემი განაჩენი ვინმეს მიმართ უმართებულო იყო, ასევე შეგახსენებთ, რომ არსებობენ ამ საქმის დაზარალებულებიც და არ მინდა ეს ჩრდილქვეშ დადგეს. ყოველდღე, როდესაც მე გავდივარ სხდომაზე და შემოდის ჩემთან მხარე, მე მათგან ვგრძნობ ნდობას და პატივისცემას. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ რომელიმე მხარის მხრიდან მე ვიგრძნობდი ასეთ დამოკიდებულებას, მექნებოდა სხვანაირი შეხედულება ამასთან დაკავშირებით. ის, რაც მე ჩემს სამოსამართლო საქმიანობაში უკუგებად მიმაჩნია, ეს არის მხარის მხრიდან პატივისცემითი დამოკიდებულება ჩემი, როგორც მოსამართლის მიმართ“, – განაცხადა ალანიამ.