ნამდვილად არ მაქვს სურვილი, მამუკა ხაზარაძეს ჭორაობაში გავყვე-მაია ცქიტიშვილი

“ნამდვილად არ მაქვს სურვილი, მამუკა ხაზარაძეს ჭორაობაში გავყვე, ეს არის ჭორაობა, რომელიც ჩვენ არაერთი მოგვისმენია ბატონი მამუკა ხაზარაძისგან”- ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც   ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას ეხებოდა. 

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ  ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრა გაიხსენა, რომელიც ვანო ჩხარტიშვილთან დავას ეხებოდა. ხაზარაძემ განაცხადა, რომ  ჩხარტიშვილი მათგან 30 მილიონს ითხოვდა.

„შეხვედრა შედგა ბიძინა ივანიშვილის სახლში და როცა მივედით გაოგნებულები დავრჩით, რადგან შეხვედრას ესწრებოდა მოქმედი პროკურორი შოთაძე. ერთი მხრივ ძალიან მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, რადგან პრაქტიკულად მივიღეთ არაფორმალური შერიგების და რამე გარჩევის კი არა – მეგობრებო დასხედით, რა გაქვთ გასაყოფი, მოდი გავარჩიოთ, ვიმსჯელოთ და ა.შ. არამედ მივიღეთ ჰიბრიდი. ასეთ შეხვედრაზე არასდროს არ ვყოფილვარ.

კიდევ კარგი, რომ დაგვხვდა იქ შოთაძე. ამაზე მერე ვიფიქრე. რადგან ეს კაცი იურისტია, აკვირდებოდა ამ საუბარს და ბოლოს ძალიან ჩუმად ჩაილაპარაკა, რომ ვერაფერს ვერ ხედავდა ის აქ საერთოდ საკამათოს და საერთოდ თემას ვერ ხედავდა. იქიდან ძალიან დამძიმებული გამოვედი, რადგან დავინახე ქვეყანაში როგორ წყდება საკითხები. მოქმედი პროკურორი შენთან ერთად არჩევს ვინ არის მართალი და მტყუანი?! ეს აჩვენებს, რომ ქვეყანაში მოშლილია ინსტიტუციონალური მოწყობა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.