ნანა კოსტავამ ფრაქციის თავმჯდომარეობა დატოვა, თუმცა ქუთაისის საკრებულოს წევრად რჩება

ქუთაისის საკრებულო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. განცხადებაში ნათქვამია, რომ “ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღეს.
ფრაქციას დღეიდან  დეპუტატი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს.თუმცა, ნანა კოსტავა ქუთაისის საკრებულოს წევრად და მმართველი პარტიის ფრაქციის წევრად რჩება.
ნანა კოსტავას მიმართ საზოგადოების პროტესტი მოჰყვა მის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტს “კაი დღეში ხარ ახალა, იცინე“, რომელიც სოციალური მედიის მენეჯერს, სალომე ბარკერს ეხებოდა. სალომე ბარკერს რამდენიმე დღის წინ და გარდაეცვალა. 16 წლის გოგონა ლაგოდეხში სასკოლო ექსკურსიის დროს მდინარეში ჩავარდა. მას მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ. დილით კი გარდაცვლილი იპოვეს. საზოგადოება ამ ამბავმა შეძრა, შესაბამისად, დიდი აღშფოთება მოჰყვა ქართული ოცნების წევრის დამოკიდებულებას გარდაცვლილის დის მიმართ.
ქუთაისის საკრებულოსთან იმავე დღეს  საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები ნანა კოსტავას მიერ დაკავებული თანამდებობის დატოვებას ითხოვდნენ. ადგილობრივმა მედიამ კი საკრებულოს წევრს ბოიკოტი გამოუცხადა.