რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის ბრალდებულები, ირანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დამნაშავედ ცნო.ორივე ბრალდებულს 16-16 წლით პატიმრობა შეეფარდა.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ირანის რესპუბლიკის მოქალაქეებმა პ.გ.-მ და ს.გ.-მ უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და სხეულში დამალვის გზით, 2018 წლის 4 დეკემბერს უკანონოდ შემოიტანეს საქართველოში. პ.გ.-მ 8 აბი (0.1922 გრ.) ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და 51,3823 გრ. „ჰეროინი“, ხოლო ს.გ.-მ 51,2325 გრ. „ჰეროინი“.
სამართალდამცველებმა ორივე პირი იმავე დღეს რუსთავში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ“, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.