ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზებისთვის დაკავებულია დედა, მამა და ორი შვილი

შინაგან სამინისტროს ინფორმაციით, ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზების ფაქტზე დაკავებულია 7 პირი, მათგან ოთხი ერთი ოჯახის წევრია: დედა, მამა და ორი შვილი. ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალურ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ  ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.

შვიდივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. მათ 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერებები, რომელიც 2000-ზე მეტ შეკვრად იყო დაფასოებული, ასევე ამოღებულია დიდი რაოდენობით თანხა.

ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს თბილისის სხვადასხვა უბნებში არსებულ სამალავებში ინახავდნენ, შემდეგ ასურათებდნენ და მყიდველებს ფოტოებს ინტერნეტით უგზავნიდნენ, თანხას კი ანგარიშზე იღებდნენ.

“სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლის და ავტომანქანის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამოღებულია: 2 125 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება და აბები: „მდმა“, „მეტამფეტამინი“, „ამფეტამინი“ და კოკაინი. გარდა ამისა, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ავტომანქანები, დიდი ოდენობით ფულადი თანხა, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომლითაც ისინი ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. პოლიციამ, ბრალდებულების მითითებით, თბილისში სხვადასხვა ადგილიდან, სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო,”-განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ.

შსს-ს ინფორმაციით, 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე სამინისტრომ ნარკოდანაშაულისათვის პასუხისგებაში მისცა 676 პირი.