ნასა მოხალისეებს ეძებს, ვინც 2 თვეს დაწოლილი გაატარებს 18 500 დოლარის სანაცვლოდ

მეცნიერები ეძებენ მოხალისეებს, რომლებიც საწოლში 60 დღეს გაატარებენ, რათა მეცნიერებს იმის შესწავლაში დაეხმარონ, როგორ მოქმედებს უწონადობა ადამიანის ორგანიზმზე. კვლევაში მონაწილეობისთვის ჰონორარი 16500 ევრო, ანუ დაახლოებით 18500 დოლარია.

როცა კოსმონავტები კოსმოსში იმყოფებიან, მიკროგრავიტაციით გამოწვეული უწონადობა მათი სხეულის ცვლილებას იწვევს. გერმანული აეროკოსმოსური ცენტრის მონაცემებით, რომელსაც ნასამ და ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ კვლევისთვის მონაცემების შეგროვება დაუკვეთეს, შემცირებული ფიზიკური დატვითრვა კოსმოსში ძვლების და კუნთების ნგრევას იწვევს, სხეულის ბიოლოგიური სითხე კი თავისკენ ინაცვლებს.

წოლითი რეჟიმის საშუალებით უწონადობის ეფექტის სიმულაციით მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ უწონადობის შედეგების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს შეიმუშავებენ, რათა კოსმონავტებს თავისი დროის დიდი ნაწილის კოსმოსურ სადგურზე ვარჯიშში გატარება აღარ უწევდეთ. მეცნიერებმა უკვე შექმნეს “ადამიანური ცენტრიფუგა მოკლე სახელოებით“ , რომელიც ხელოვნური გრავიტაციის გენერირებას ეწევა და ორგანიზმის სითხის გადანაწილების კორექტირებას ახდენს. მათ უნდათ ეს მეთოდები ყოველდღიურად კვლევის მონაწილეთა ორ მესამედზე შეამოწმონ.

“კოსმოსური ფრენები ეკიპაჟით მომავალშიც მნიშვნელოვანი იქნება მიკროგრავიტაციის პიროებში ექსპერიმენტების ჩასატარებლად, ამიტომაც ჩვენ ეს ფრენები ასტრონავტებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო უნდა გავხადოთ “– ამბობს გერმანიის აეროკოსმოსური ცენტრის კოსმოსური კვლევების და ტექნოლოგიების მიმართულების ერთ–ერთი ხელმძღვანელი, ჰანს იორგ დიტუსი.

ეს კვლევა კოსმოსის მკვლევარებს ევროპასა და ამერიკაში საშუალებას მისცემს ერთობლივად იმუშაონ და შეიძინონ რაც შეიძლება მეტი სამეცნიერო ცოდნა ადამიანის ორგანიზმის შესახებ.

მონაწილეები ყველაფერს მწოლიარე მდგომარეობაში გააკეთებენ. ყველა მოქმედება, საკვებისა და შხაპის მიღების ჩათვლით დაწოლილ მდგომარეობაში უნდა შესრულდეს. ისინი 6 გრადუსიანი დახრით, თავით ქვევით უნდა იწვნენ. ყოველ მონაწილეს ცალკე ოთახი ექნება . დიეტოლოგები საკვებს იმგვარად დააბალანსებენ, რომ მონაწილეებმა წონაში არ მოიმატონ და ყველა საჭირო საკვები ნივთიერება მიიღონ. ამის მიუხედავად კოსმოსური ცენტრი საკუთარ ვებგვერდზე წერს, რომ საკვები მეტისმტად ჯანმრთელი არ იქნება და ხანდახან ორცხობილების და სხვადასხვა ტკბილეულის ჭამაც მოუწევთ.

კვლევა ორი რაუნდისგან შედგება. 24 მონაწილისგან შემდგარი პირველი ჯგუფის (12 ქალი და 12 მამაკაცი) ტესტირება 26 მარტს უკვე დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია რამდენი მონაწილე დასჭირდებათ შემდეგი რაუნდისთვის, რომელიც კიოლნში, გერმანიის აეროკოსმიური მედიცინის ცენტრში ჩატარდება. კვლევა 2019 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე გაგრძელდება. მეცნიერები ეძებენ 24–55 წლის ასაკის ჯანმრთელ ქალებს, რომლებიც არ ეწევიან. ვებ გვერდის ინფორმაცით მონაწილეებს გერმანულად საუბარი უნდა შეეძლოთ.

2017 წელს ნასამ ანალოგიური კვლევა უკვე ჩაატარა. მაშინ საწოლში 11–მა ადამიანმა 30 დღე გაატარა.