ნათია მეზვრიშვილი – “დანაშაული ხდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორია პოლიციის რეაგირება”

“ყველაფერი შესანიშნავად არ არის, დანაშაული ხდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორია პოლიციის რეაგირება”-  ამიოს შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ქვეყანაში დანაშაულის ზრდის სტატისტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.

მეზვრიშვილის თქმით,  აქცენტი ხშირად კეთდება, რომ დანაშაული მოხდა, თუმცა პოლიციის მხრიდან მასზე რეაგირება, ყურადღების მიღმა რჩება, სინამდვილეში კი გახსნის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.

„აბსოლუტურად ყველა გახმაურებული ფაქტი გაიხსნა, დამნაშავეები დაკავებულნი არიან და მათ სასჯელი ელოდებათ. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ დაუსჯელი არც ერთი ქმედება არ რჩება, ამიტომ, დანაშაულს თუ ჩაიდენთ, შს სამინისტროს მხრიდან რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

„ციფრებში ზრდა გვაქვს, ამის მიზეზებზე არაერთხელ ვისაუბრეთ, ზოგ შემთხვევაში მიზეზი არის აღრიცხვიანობის გაუმჯობესება, ზოგ შემთხვევაში მართლა პრობლემაა. საკანონმდებლო დონეზე ბევრი რამ გავასწორეთ, პრაქტიკაში ამის აღსრულება ხდება”,- აღნიშნა მეზვრიშვილმა.

მინისტრის მოადგილე  მიიჩნევს, რომ საგანგაშო არაფერი ხდება.

„ჩვენ თუ ამ ისტერიკაზე დავაფუძნებთ სისხლის სამართლის პოლიტიკას, გამოვვარდებით და ვიტყვით, რომ კატასტროფული მდგომარეობაა და მოდი ახლა ნულოვანი ტოლერანტობა იყოს ყველა დანაშაულთან მიმართებით, ვიტრიალებთ იგივე წრეზე და გავა წლები და პრობლემა იგივე იქნება. ამიტომ, არ გვინდა ეს გავაკეთოთ, ნაბიჯ-ნაბიჯ რეფორმებით, საქმიანობის ხარისხობრივი გაუმჯობესებით, ახალი კანონების მიღებით, სანქციების გამკაცრებით ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას”,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.