“ნატო-ს სურვილს განათავსოს თავისი ბაზები ჩვენს შემოგარენში, პოლიტიკური და სამხედრო გზით ვუპასუხებთ“–დიმიტრი მედვედევი

რუსეთის პრემიერ-მინისტრი სერბულ გამოცემასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ  მათ საზღვრებთან ნატოს გაფართოებას კრემლის სამხედრო და პოლიტიკური პასუხი მოჰყვება. დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ნატო-ს სურვილმა განათავსოს თავისი ბაზები უშუალოდ რუსეთთან ახლოს, არ შეიძლება დადებითი ემოციები გამოიწვიოს.

„არავინ გამორიცხავს, რომ რუსეთს თავისი ინტერესები აქვს საკუთარი უსაფთხოების დაცვასთან დაკავშირებით. ჩვენ მძლავრი ატომური ქვეყანა ვართ და ნატო-ს სურვილმა განათავსოს თავისი ბაზები უშუალოდ ჩვენს შემოგარენში, არ შეიძლება გამოიწვიოს ჩვენში დადებითი ემოციები. ჩვენ ამას ყოველთვის ვპასუხობდით და ყოველთვის ვუპასუხებთ პოლიტიკურადაც და სამხედრო გზითაც“, -განაცხადა მედვედევმა ბელგრადში ვიზიტის დროს.

მედვედევის განცხადებას თბილისიდან შეფასებები მოჰყვა. საქართველოს პრემიერ მინისტრმა ამ თემაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ მსგავსი განცხადებები რუსეთის ხელისუფლების მხრიდან სიახლე არ არის:

“ეს არ არის ახალი და ჩვენ მსგავსი განცხადებები პირველად არ მოგვისმენია. ამ განცხადებების საპასუხოდ ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის არავის წინააღმდეგ მიმართული და მიმართულია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისკენ და ის არავის ემუქრება. ეს არის პოზიცია, რომელსაც ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშეც და მათთან ერთად ვახდენთ ამ პოზიციის დეკლარირებას, ეს პოზიცია გორის რაიონიდან განსაკუთრებით გასაგები და მისაღებია ყველა ნორმალური ადამიანისთვის, მაშინ, რაც ხდება ატოცში,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით  მსგავსი განცხადებები რუსეთის ხელისუფლებისთვის დამახასიათებელია.

“ტიპიური განცხადებაა რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისაგან მათ ძალიან აშინებთ ნატოს  გაფართოება იმიტომ, რომ ნატოს ​ გაფართოების და საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში საქართველო იქნება დაცული. პროპაგანდას აწარმოებენ საპირისპიროს და ამას იტაცებენ ჩვენთან პროპუტინური ძალები, რომ აი, შევეშვათ ნატოს, თორემ რუსეთი დაგვესხმევა თავზე. საქმე არის პირიქით, რუსეთი დღეს გვესხმის თავს, დღევანდელი მოვლენებიც არის ამის საბუთი, 2008 წელიც და მთელი ჩვენი ისტორიაც. ნატოში გაწევრიანება გვჭირდება სწორედ იმისთვის, რომ ამის შემდეგ მათ თავდასხმა ვეღარ შეეძლებათ,”- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ  საქართველოს საგარეო კურსი ემყარება სტაბილურობის და განვითარების პრინციპს და არ არის ვინმესთან სამხედრო დაპირისპირებისკენ მიმართული:

“ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ საგარეო კურსი უნდა შევცვალოთ, ვინაიდან ამ საგარეო კურსთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ემყარება იმ აუცილებლობას, რასაც ჰქვია სტაბილურობის შენარჩუნება და განვითარება. ეს ორი დიდი ძალა ერთმანეთთან დაპირისპირებული, რა თქმა უნდა, თავის პოზიციებს არ დათმობს, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს სწორი პოზიცია ამორჩეული, ჩვენ მომხრე ვართ მოლაპარაკების, მშვიდობის და არანაირად არავისთან დაპირისპირება არ გვსურს, მით უმეტეს, სამხედრო და მით უმეტეს, რუსეთის ფედერაციის აგრესიასთან,”- განაცხადა ვოლსკიმ.

საექსპერტო წრეებში კი მედვედევის ადრესატად საქართველოზე მეტად ნატოს წევრ სახელმწიფოებს თვლიან. ანალიტიკოსები იმასაც იხსენებენ, რომ თავის დროზე მსგავსი მუქარა ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც ესმოდათ, თუმცა, რუსეთის მეზობლობის მიუხედავად, ისინი ნატოს წევრები მაინც გახდნენ. ექსპერტთა ნაწილისთვის მედვედევის გზავნილი კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ალიანსმა საქართველოს ინტეგრაცია უნდა დააჩქაროს.