ნატოს სამხედრო კომიტეტი რუსეთს, საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს

ნატოს სამხედრო კომიტეტი რუსეთს, საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს

სასტუმრო “ბილტმორში” ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომას გაიმართა. შეხვედრას  კომიტეტის თავმჯდომარე ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი და  საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია უძღვებოდნენ.

“ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიებიდან”-  ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ,  სერ სტიუარტ პიჩმა სხდომაზე სიტყვით  გამოსვლისას განაცხადა.

“ნატო, როგორც ალიანსი, სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომელიც მოიცავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებსაც. ალიანსი ისევ მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და გაიყვანოს ჯარები.

ნატო მიესალმება საქართველოს მცდელობებს, რომ მოძებნოს კრიზისის გადაჭრის მშვიდობიანი გზები და მიესალმება საქართველოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს რუსეთის მისამართით ბოლო წლების განმავლობაში”, – განაცხადა სერ სტიუარტ პიჩმა.

ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო ნატოს  ღირსეული პარტნიორია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ ალიანსის  საერთაშორისო მისიების შესრულებაში.

“თქვენი სამხედროები მხარდამხარ იბრძვიან ნატოსთან ერთად, უკვე მრავალი წელია. ფაქტობრივად, საქართველო ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ავღანეთის “მტკიცე მხარდაჭერის მისიაში”. ისინი ვინც ავღანეთში ყოფილან, იციან თუ რამხელა პატივს სცემენ ქართველ სამხედროებს თავიანთი პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულების გამო”, – განაცხადა  ავიაციის მთავარმა მარშალმა, სერ სტიუარტ პიჩმა.

ნატოს სამხედრო კომიტეტის ორდღიანი ვიზიტი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში  დასრულდება. 

მრავალეროვანი, ბრიგადის დონის სამხედრო სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარებას.

სამხედრო კომიტეტი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი და მუდმივმოქმედი სამხედრო ორგანოა და მისი ძირითადი ფუნქციაა შეიმუშაოს რეკომენდაციები ალიანსის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ორგანოებისთვის – ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და ბირთვული დაგეგმარების ჯგუფისთვის.