ეს დამღუპველად იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობებზე- ეს განცხადება კარასინმა საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანების გამო გააკეთა-ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში აბაშიძე-კარასინის შეხვედრის მორიგი რაუნდის დაწყებამდე განაცხადა.
გრიგორი კარასინმა ანაკლიის პორტზეც ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთს არ “აწყობს” ამერიკის სახელმწიფო მდივნის იმ განცხადების ტონი, რომლის დროსაც მაიკ პომპეომ საქართველოს მიერ რუსეთისა და ჩინეთის გავლენების დაძლევის შესახებ ისაუბრა.
“დასავლეთში ნერვიულობა გამოწვეულია იმით, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ნორმალური ურთიერთობები მყარდება. ისინი ფიქრობენ, რომ საქართველო უკვე არის გარკვეული ბლოკის შემადგენელი ნაწილი, რომელზეც შესაძლებელია დაყრდნობა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიმართული გარკვეული არამეგობრული მოქმედების შემთხვევაში. ეს ხალხი გააქტიურდა და ნატოს დეკემბრის სამიტისთვის ემზადება. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი პომპეო ღიად აცხადებს, რომ ნატოში საქართველოს დაჩქარებული მიღებაა საჭირო. იმის თქმა, რომ ეს ვითარება რუსეთისთვის საგანგაშოა, ძალიან რბილი ნათქვამი იქნება. სინამდვილეში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დამღუპველად იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობებზე. თუ რა უნდა გაკეთდეს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ეს საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ ის, რაც პომპეომ რუსეთისა და ჩინეთის მიმართ თქვა, არ არის ის ტონი, რომელიც ჩვენ გვაწყობს,”-განაცხადა კარასინმა.