თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატის მიმართ ბრალდებაზე თქვა, რომ “წარმოუდგენელია, ილია ჯიშკარიანს ეგეთი რაღაც ჩაედინა”. ამის შესახებ მან დღეს, 5 ოქტომბერს თბილისობის დღესასწაულზე ისაუბრა. მერმა ჟურნალისტების კითხვას დასაწყისში იუმორით უპასუხა, თუმცა მათი მხრიდან მითითების შემდეგ, რომ სერიოზული პასუხი გაეცა, კახა კალაძემ თქვა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ნებისმიერ ადამიანზე იგივე ბრალდება წამოაყენოს.
“წარმოუდგენელია ადამიანს ასეთი რაღაც ჩაედინა. ამ ადამიანს ვიცნობ რამდენიმე წელია, ვიცი თუ როგორი ცხოვრებით ცხოვრობს. ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება. დაველოდოთ გამოძიებას. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერ ადამიანზე იგივე ბრალდება წამოაყენოს, ამას სჭირდება მტკიცებულებები, სჭირდება გამოძიება. შეიძლება ეს იყოს ტყუილი, შეიძლება ეს იყოს მართალი, ამიტომ საჭიროებს გამოძიებას. თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, არ აქვს მნიშვნელობა საკრებულოს წევრია თუ თანამდებობის პირია, არ აქვს მნიშვნელობა დანაშაულზე აგებს პასუხს. თუ დადასტურდა, ეს ძალიან მძიმე იქნება ყველასთვის”,- განაცხადა კალაძემ.
ოცნების დეპუტატს თანაშემწე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს