ნეიმარი პსჟ-სთან ერთად ვარჯიშს აღარ აპირებს – ბრაზილიელი ფორვარდი გაიფიცა

ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა ნეიმარმა პარიზულ კლუბს გაფიცვა მოუწყო. იგი პარიზულ კლუბთან ერთად წინასასეზონო მოსამზადებელ შეკრებაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

როგორც ესპანური მედია წერს, პარი სენ-ჟერმენმა და ბარსელონამ ნეიმარის თაობაზე მოლაპარაკებები განაახლეს და ნეიმარის ერთადერთი სურვილიც სწორედ კატალონიურ გრანდში დაბრუნებაა.

პარიზული კლუბის ბოსები ბრაზილიელი ფორვარდის სანაცვლოდ 200 მილიონ ევროს ითხოვენ, თუმცა თუ ბარსელონა პსჟ-ს მოთამაშეებს შესთავაზებს სატრანსფერო თანხა დაიკლებს.

პარი-სენ ჟერმენის წინასასეზონო შეკრება 1 კვირაში დაიწყება, თუმცა ნეიმარი საფრანგეთშიც კი არ იმყოფება. იგი ბრაზილიაშია და ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო მკურნალობას გადის.