„პირდაპირ ხელისუფლებიდან მოდის… ამ ფორმით ცდილობენ, რომ მდგომარეობიდან გამომიყვანონ, არსად წასვლას არ ვაპირებ “რუსთავი 2-დან“, – ასე პასუხობს „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „აქცენტების“ წამყვანი, ეკა კვესიტაძე მის სახლთან გამართულ აქციას.
კვესიტაძე დარწმუნებულია, რომ მის საცხოვრებელ სახლთან გამართული აქცია ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ არის ორგანიზებული. გადაცემის წამყვანი ამას მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ მასზე ასე ცდილობენ ზეწოლის განხორციელებას.
„აქ ხომ გამორიცხულია, რომ ეს ყველაფერი შოთას ფეისბუქ სტატუსის გამო ხდებოდეს, რომლის შინაარს შეიძლება ვიღაც დაეთანხმოს, არ დაეთანხმოს, აბსოლუტურად, გულუბრყვილობაა და არავის არ სჯერა ამის. პირდაპირი ზეწოლა ხდება ჩემზე, ამ ნერვების ომში, რომელიც დღეს “რუსთავი 2-ზე” მიმდინარეობს და ეს ნერვების ომია იმიტომ, რომ ჩვენ დავრჩით იქ, ვაგრძელებთ ჩვენს მუშაობას, გავაგრძელებთ აუცილებლად და იქ, რომ ნერვების ომი ვერ მომიგეს და ვერ მომიგებენ, ახლა სახლთან მომადგნენ, სადაც ცხოვრობს ჩემი ორი მცირეწლოვანი შვილი და ცხოვრობს ჩემს ქვემოთ მეზობლები, რომელთაგან ერთი შეზღუდული შესაძლებლობების არის, სხვა მეზობლებსაც ბავშვები ჰყავთ და აქ ისმოდა, მთელი ერთი საათის განმავლობაში, გინება, შეურაცხმყოფელი სიტყვები, მოღალატის ძახილი,“ – განაცხადა ეკა კვესიტაძემ.