კვირას საღამოს ტვ იმედის ეთერში ვრცელი რეპორტაჟი მიეძღვნა ტელეკომპანია რუსთავი2–ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას. რეპორტაჟში ნათქვამი იყო, რომ ტელეკომპანიამ აღშფოთებული საზოგადო მოღვაწეების წერილი მიიღო, რომელშიც ისინი ნიკა გვარამიას უცენზურო ლექსიკას გმობდნენ.
“ერის მაგინებელი“ – ასე ქვია იმედში გასულ სიუჟეტს, რომლის წარდგენისას წამყვანმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას “უცენზურო გამონათქვამებმა საზოგადოების დიდი ნაწილი შეურაცხყო. “
იმედის სიუჟეტს გუშინვე საკუთარ გადაცემაში – “კვირის აქცენტები“ უპასუხა ნიკა გვარამიამ, რომელიც თვლის, რომ იმედის სიუჟეტი ბიძინა ივანიშვილის დავალებით მომზადდა. “პირდაპირ სტალინური ამბავია“ – განაცხადა გვარამიამ. გადაცემის წამყვანები თვლიან, რომ გვარამიას გამონათქვამებით შეურაცხყოფილმა ივანიშვილმა მის მიერ დაფინანსებულ ინტელიგენციას მიმართა მხარდასაჭერად.
დღეს კი გვარამიამ ტელეკომპანია იმედს ფეისბუქით მიმართა და იმ ადამიანების დასახელება მოთხოვა, ვინც “აღშფოთების წერილს“ მოაწერა ხელი.
“მივმართავ ტელეკომპანია იმედს:
გამოაქვეყნეთ თქვენს მიერ გუშინ ჩემთვის მოძღვნილ სიუჟეტში გაცხადებული ე.წ. აღშფოთებული ინტელიგენციის წერილი, რომელშიც დაგმობილი ვარ და პრაქტიკულად ჩემს გამონათქვამებზე ცენზურის შემოღებაა მოთხოვნილი. ასევე დაასახელეთ წერილზე ხელმომწერი ადამიანები და სად და როდის გაიმართა ეს შეხვედრა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩავთვლით, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ქონია და თქვენმა ტელეკომპანიამ ის უბრალოდ გამოიგონა, რადგან არ არსებობს აღნიშნულის არც ერთი დადასტურება, თქვენს მიერ გამოცხადებული ინფორმაციის გარდა.“ – წერს ნიკა გვარამია.