ნიკა გვარამაის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი დავა აბსურდულია და დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს.
ადვოკატის განცხადებით, გვარამიას ედავებიან არა 6 მილიონის მოპარვას, არამედ იმას , რომ მეტი არ მოითხოვა სარეკლამო სააგენტოებისგან.
“პირველ რიგში, დავაზუსტებ იმას, რომ ნიკა გვარამიას არ ედავებიან 6 მილიონის მოპარვას და არც 1 ლარის მოპარვას, ნიკა გვარამიას ედავებიან იმას, რომ მეტი არ მოითხოვა სარეკლამო სააგენტოებისგან, ეს მაშინ, როცა “რუსთავი 2″ იყო ყველაზე წარმატებული იმ პერიოდში, როდესაც ნიკა გვარამია ხელმძღვანელობდა, მათ შორის, ფინანსურდაც. გარდა ამისა, ეს საქმე არის აბსურდული და არათუ დანაშაულის ნიშნები არ არის, არამედ პროკურატურის კომპეტენციაც არ არის ამ საკითხების გარკვევა და ეს არაა მხოლოდ ჩვენი პოზიცია. ეს არის სახალხო დამცველის პოზიცია, რომელმაც წერილობით მიმართა საქალაქო სასამართლოს, სადაც ის საუბრობს იმაზე, რომ ეს საკითხი შეიძლება სამოქალაქო წესით განსახილველი იყოს, ოღონდ არა სისხლის სამართლის წესით,”- ამბობს საძაგლიშვილი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ მიმდინარე დავა ნიკა გვარამიას გასანეიტრალებად დაიწყო, რათა ,,მთავარი არხი” არ განვითარებულიყო.
,,მას შემდეგ რაც “რუსთავი 2” წაიღო ხელისუფლებამ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა, საჭირო იყო ნიკა გვარამიას განეიტრალება, რათა “მთავარი არხი” არ გახსნილიყო და არ განვითარებულიყო და რეალურად ვართ ამ პროცესში. მხოლოდ ამ მიზანს ისახავს მიმდინარე საქმე”, – განაცხადა ნიკა გვარამიას ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას ბრალად ედება “რუსთავი 2”-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ასევე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიასა და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ ორი პირის, “რუსთავი 2”-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიასა და “ინტერ მედია პლიუსის” დირექტორის ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.