“ნიკა მელია, გვათხოვე სამაჯური, ტყუილად რომ აცდენ, თურმე ერთადერთია მთელ ქვეყანაში და ისიც შენ შეგაბეს”-ბაია პატარაია

ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ელექტრონული სამაჯურის შესახებ მომხდარ ფაქტს  ყვება. მისთვის გაურკვეველია არსებობს თუ არა ქვეყანაში ელექტრონული სამაჯურის შესახებ საკანონმდებლო ცვლილება ძალაში  შესული,მაშინ როცა დეპუტატ ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური აქვს დამაგრებული, ხოლო შსს-ს მოძალადე მამაკაცის მიმართ სამაჯურის გამოყენებაზე უარს ეუბნება.

“დღეს ეკა ჩხეიძე იყო ჩვენთან მოსული, ჩავერთეთ მის საქმეში, რომელიც პირწმინდად გადაკიდებაა და რატომღაც ქორწინების იძულების მუხლით მიდის. არადა 5 წელია ადამიანი ადევნებული ჰყავს და ბოლო დროს აგრესიულ მუქარებზე და ტერორზე გადავიდა.
ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა ვიფიქრეთ, მოვიფიქრეთ, რომ თუ სამაჯურს გაუკეთებდნენ მოძალადეს, ეკა უფრო მშვიდად იგრძნობდა თავს. ამ ჩვენი შესანიშნავი იდეით მივმართეთ შსს-ს, მაგრამ სადაა სამაჯური? ჯერ არც საკანონმდებლო ცვლილებაა შესული და არც ფიზიკურად არ გვაქვსო.  Nika Melia, თუ ძმა ხარ, გვათხოვე ეგ შენი სამაჯური, ტყუილად რომ აცდენ, თურმე ერთადერთია მთელ ქვეყანაში და ისიც შენ შეგაბეს, ალბათ სპეციალურად შენთვის დაამზადებინეს ამ გასაოცარ დემოკრატიულ სახელმწიფოში.
პ.ს. სამაჯურების გარკვევის თემას ბოლომდე მივყვები, აქამდე, ვინაიდან საკანონმდებლო ცვლილებები ნანახი მქონდა, მეგონა, ძალაშიც იყო და რახანც მელიას შეაბეს, ვფიქრობდი, მოძალადეებისთვისაც გამოვიყენებდით, მაგრამ ნურასუკაცრავად!

სერიიდან: ბიძინას ბოსტნის ამბები”-წერს პატარაია.