ნიკა მელია ოჯახს დაემშვიდობა ემოციური კადრები

ნიკა მელია ოჯახის წევრებს დაემშვიდობა. ის სასამართლოში მიდის სადაც ზუსტად 14:00 საათზე პროცესი დაიწყება, რომელზეც მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე უნდა იმსჯელოს. ვიდეოს  ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.

პროკურატურა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. მელია ამბობს, რომ ძალიან გაუჭირდება მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღება.

„რომ არ დამაკავონ როგორ უნდა გაამართლონ გუშინდელი დღე. ამიტომ სხვა გზა არ ექნებათ, თუმცა ძალიან გაუჭირდებათ. არ არის მარტივი იმ ყველაფრის შემდეგ დააკავო, გავრილოვის შემოპარვის და მერე ძალდატანებით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასმის გამო ვინმე, მითუფრო უნდათ არ უნდათ პოლიტიკოსს ამის გამო რომ აკავებ არ იქნება მათთვის ადვილი გადასაწყვეტი. თესავენ ქარს და ქარს როცა თესავ, ამბობენ ქარიშხალ მოიმკიო. არ მგონია რომ დაპატიმრების შემთხვევაშ მე იქ ვიქნები შეზღუდული და ეს 91 დეპუტატი იქნება თავისუფალი,”-განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი დამარცხდა და ეს მისი აგონიური ქმედებებიდანაც ჩანს.

„გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ მილიარდები საქმეს ვეღარ უკეთებს გუშინდელმა დღემ აჩვენა რომ ის ძალაუფლება რომელიც მას აქვს, პლუს ის მილიარდები აღარ არის საკმარისი აკეთოს ის რაც მას სურს. და შედის სულ უფრო და უფრო ღრმა ჩიხში და ის მოქმედებები, რომელსაც ადგილი აქვს მისი მხრიდან ეს არის აგონიური მოქმედებები. საღ ჭკუაზე მყოფი ადამიანი, მმართველი ადამიანი ამ ქვეყნის, სპეცრაზმს სახლში რატომ შეიყვან და სპეცრაზმთან ერთად რატომ დაიძინებ. წარმოიდგინეთ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა რომელიც არის,“-განაცხადა ნიკა მელიამ.