ნიკა მელიასთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. არც დამინახავს – მოწმე ნიკა მელიას პროცესზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებული წევრის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც მოწმის სახით პოლიციელი იკითხება.

მან დეტალურად გაიხსენა რა მოხდა 20 ივნისის ღამეს და აღნიშნა, რომ ნიკა მელიას არ იცნობს.

„პირადად არ ვიცნობ. პარლამენტთან დაახლოებით დილით, 11- 12 საათისთვის მივედით. უნდა დაგვეცვა გარე პერიმეტრი. პარლამენტის უკანა მხარეს დაახლოებით 5 საათი დავყავით. შემდეგ ეზოში მოგვიწია ყოფნა. შემდეგ უკვე პარლამენტის შესასვლელთნ გადავედით. ნიკა მელიასთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. არც დამინახავს,- განაცხადა მოწმემ.

ცნობისთვის, ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება.