ნინო ბურჯანაძის პარტიამ სახელი შეიცვალა, ამის შესახებ პარტიის რიგგარეშე ყრილობაზე გახდა ცნობილი. ყრილობა
“შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა. ბურჯანაძის პარტიას დღეიდან “ერთიანი საქართველო, დემოკრატიული მოძრაობა” ეწოდება.
ყრილობაზე ლიდერებმა არჩევნებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, ასევე მათი პოლიტიკური შეხედულბები წარმოადგინეს. მათ შორის ქვეყნის საგარეო კურსზე. პარტიის წევრები კვლავ რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ და მიაჩნიათ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა მხოლოდ ამ გზით შეიძლება მოგვარდეს.
“ეს არის მოცემულობა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის გარდაუვალი აუცილებლობა, ვესაუბროთ ყველაზე უხერხულ მეზობელს ოკუპანტს, მტერს, მაგრამ უნდა ვესაუბროთ, უნდა ვესაუბროთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემები მოვაგვაროთ. ჩვენ ვხედავთ, რომ 25 წელიწადია ვტკეპნით ერთ ადგილს და უკან უკან მივდივართ. ერთადერთი საშუალება იმისათვის, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს, არის ვესაუბროთ იმათ, სადაც არის შესაძლებელი ამ პრობლემების მოგვარება დაიწყოს,“ – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
პარტიის ერთ-ერთი წევრი სიტყვით გამოსვლისას სამხედრო ბაზების განთავსების თემასაც შეეხო.
“ჩვენ წინააღმდეგი ვართ ნებისმიერი უცხო ქვეყნის ბაზების საქართველოში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსული ბაზები გავიდნენ საქართველოდან. ამისთვის საჭიროა პირდაპირი მოლაპარაკებები, ამისათვის საჭიროა მრავალვექტორული დაბალანსებული ურთიერთობები“ – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.