ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი და მთავრობის პიარ ჯგუფის წევრი, ნინო შუბლაძე რუსთავი2–ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ინიშნება. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ის ტელევიზიაში ამ დღეებში მივა. ამის შესახებ არხზე დარჩენილ თანამშრომლებს უკვე შეატყობინეს. პრინციპში, ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ იყო მიღებული, თუმცა რუსთავი2–ის ხელმძღვანელობა სკანდალის ჩაცხრობას ელოდა, რომელიც შუბლაძის კანდიდატურის ამ პოსტზე დასახელებას მოჰყვა.
რუსთავი2–ის საინფორმაციო სამსახური ორ კვირაზე მეტია პარალიზებულია მას შემდეგ, რაც სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე ახალმა მფლობელმა და დირექტორმა თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ამის შემდეგ კი კურიერის მთელმა შემადგენლობამ სამსახური პროტესტის ნიშნად დატოვა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნოდარ მელაძის შემცვლელად ნინო შუბლაძე განიხილებოდა, რასაც მწვავე რეაქცია მოჰყვა. შუბლაძეს, რომელიც წლების წინ რუსთავი2–ზე მუშაობდა ხელისუფლების ცენზორი უწოდეს. თავად შუბლაძემ მაშინ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსთავი2–ზე მისვლას აპირებდა. კულუარული ინფორმაციით მან რუსთავი2–ზე მისვლა ატეხილი აჟიოტაჟის გამო გადაიფიქრა.
მას შემდეგ რუსთავი2-ის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს აწარმოების რუსთავი2–დან წამოსულ თანამშრომლებთან უკან დასაბრუნებლად, თუმცა მათი დიდი ნაწილი ნიკა გვარამიას ახალ არხზე იწყებს მუშაობას. მათ გარდა მოლაპარაკებები მიმდინარეობს წარსულში რუსთავი2–ზე ნამუშევარ ადამიანებთან, რათა მათი დაბრუნებით ძველი რუსთავი2–ის აღდგენის შთაბეჭდილება შეიქმნას. გასულ კვირას არხის დირექტორმა, პაატა სალიამ საინფორმაციო მიმართულების ხელმძღვანელად და აღმასრულებელ დირექტორად ირაკლი იმნაიშვილის კანდიდატურა წარადგინა. ორი დღის წინ კი განაცხადა, რომ რუსთავი2 მალე სრულყოფილ მაუწყებლობას აღადგენს.