ტელეკომპანია “იმედის” თანამშრომელი, პაატა შამუგია, იმ პროტესტზე საუბრობს, რომელიც 11 აგვისტოს ტელეიმედის ეთერში აგვიტოს ომზე გადაღებული ფილმის გაშვებას მოჰყვა.
პაატა შამუგია სოციალურ ქსელში წერს, რომ ფილმის ეთერში გაშვებას, ჟურნალისტების მწვავე პროტესტი მოჰყვა და თანამშრომლების ნაწილმა შიდა ჯგუფში კატეგორიულად მოითხოვა ფილმის ავტორის დასახელება და საჯარო ბოდიშის მოხდა.
მოკლედ, რამდენიმე ადამიანმა შიდა ჯგუფშივე კატეგორიულად მოვითხოვეთ, ამ მავნებლური ანონიმური „ფილმის“ ავტორის გამოჩენა და პლუს, საჯარო მობოდიშებაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, არხზე ჩვენს დარჩენას აღარ განვიხილავდით. ამ რამდენიმე დღის განმავლობაში პარალიზებული იყო ნიუსრუმი. პარალელურად, გამოვიდა ნიკა ლალიაშვილი და ვიდეოზე პასუხისმგებლობას მე ვიღებო (ტექსტი იყო „ბოკო-ჰარამის“ ტრადიციებში), მაგრამ არანაირი სინდისის ქენჯნა, თუნდაც, ჟურნალისტების დემორალიზების გამო, იმის გამო, რომ ამ დღეების განმავლობაში მისი უდანაშაულო თანამშრომლები ტალახში ათრია მთელმა ქვეყანამ. პირიქით, იქით მამარდაშვილის აჩრდილს ამოეფარა (ეტყობა, მამარდაშვილის იმ ჩანაწერებამდე ჯერ არ მისულა, სადაც რუსული იმპერიალიზმის შესახებ საუბრობს), აქეთ – ქართველი ხალხის სენტიმენტებს, და ვითომც არაფერი.
ასეთი ამბებია.”-წერს პაატა შამუგია.
40 წუთიანი ფილმი 2008 წლის სისხლიან მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას მაშინდელ ხელისუფლებას აკისრებს და პუტინ-მედვედევის ბრალეულობას 11 წლის განვითარებულ პროცესებზე მინიმუმამდე დაჰყავს. მას შემდეგ, რაც ფილმს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, იმედის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკოლოზ ლალიაშვილმა განაცხადა, რომ ფილმი მისი პროდიუსერობით დამზადდა.
“მედია-ჩექერმა” ტელეკომპანიის ფილმი დეტალურად შეისწავლა და დაწერა რომ ფილმში მნიშვნელოვანი ფაქტები მიჩქმალულია და მოვლენები ცალმხრივად არის გადმოცემული. სიუჟეტს 6 რესპონდენტი ჰყავს და ფორმალური ბალანსისთვისაც კი არ არის წარმოდგენილი წინა ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი.