ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში შესაძლოა დაგდებულმა სიგარეტმა გამოიწვია. კომპანიამ, რომელიც ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოებს ატარებდა, დაადასტურა, რომ მუშები წესებს არ ითვალისწინებდნენ და პერიოდულად სიგარეტს ეწეოდნენ.
თუმცა კომპანია ტაძარში სიგარეტის მოწევასა და ხანძრის კერის გაჩენას შორის კავშირს გამორიცხავს.
„რამდენიმე მუშა დროთა განმავლობაში არ ითვალისწინებდა დაწესებულ შეზღუდვას და მაინც ეწეოდა სიგარეტს, ამის გამო ჩვენ ძალიან ვწუხვართ“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა, მარკ ეშკენაზიმ.
კომპანის განცხადების გაკეთება მას შემდეგ მოუწია, რაც ერთ-ერთმა ფრანგულმა გამოცემამ სტატია გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალისტი ირწმუნებოდა რომ ტერიტორიაზე სიგარეტის ნამწვავები აღმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ სახურავი, რომელიც ხანძრის შედეგად განადგურდა, მე-12 საუკუნეში ხისგან იყო დამზადებული, ამიტომ გამოცემის მტკიცებით, სიგარეტის შედეგად მარტივი შესაძლებელი იყო ხანძრის გაჩენა და ხის სახურავის განადგურება.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლი 15 აპრილს გაჩნდა. ხანძრის შედეგად ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჯვრის ფორმის გუმბათი და მასზე აღმართული ერთ-ერთი კოშკურა სრულად განადგურდა.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად, ბოლო მონაცემებით, $1 მილიარდ აშშ დოლარამდე თანხა შეგროვდა.