დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ხმოვან გზავნილებს ეხმაურება. როგორც ცენტრის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში სრულიად დაუსაბუთებელი, უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ხმოვანი გზავნილი ვრცელდება, რაც დეზინფორმაციაა.
ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ აყვნენ პანიკას.
“უკანასკნელ საათებში სოციალური ქსელებით ვრცელდება სრულიად დაუსაბუთებელი, უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ხმოვანი გზავნილი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია განაცხადოს:
ამ ეტაპისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ვთხოვთ მოსახლეობას ნუ აყვება პანიკას!საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა მოხდეს ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის შემოტანისა და გავრცელების პრევენცია. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სრულ მზადყოფნაშია და შეუძლია დაავადების შემოტანის შემთხვევაში უზრუნველყოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
აღნიშნული ხმოვანი გზავნილი დეზინფორმაციაა, ემსახურება არაკეთილსინდისიერი ადამიანების კერძო, მერკანტილურ ინტერესებს და დანაშაულია ხალხის წინაშე!
ქვეყნის მოსახლეობას მოვუწოდებთ:არ აყვეთ პანიკას! გაეცანით სანდო საიფორმაციო წყაროებს და ენდეთ პროფესიონალების რეკომენდაციებს!”-წერია ინფორმაციაში.