“ნუ გვესვრი” – შსს-სთან ჟურნალისტების აქცია გაიმართება

საქართველოში მოქმედი მედიის წარმომადგენლები დღეს ცოტა ხანში  შსს-სთან აქციას გამართავენ, – ამის შესახებ განცხადებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს.

“დღეს, 21 ივნისს 15:00 საათზე ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან (გულუას 10) ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მართავს საპროტესტო აქციას “ნუ გვესვრი!” მედიის წარმომადგენლები ვაპროტესტებთ აქციის დროს ჟურნალისტების უფლებების შელახვას. დაშავებულია 10-ზე მეტი ჟურნალისტი.

აქციამდე ვისაც სურვილი გაქვთ ორგანიზებაში დახმარების, გთხოვთ, მოხვიდეთ ქარტიის ოფისში,”- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების დროს ჟურნალისტებიც დაშავდნენ, ბევრ მათგანს დაზიანება რეზინის ტყვიებით ჰქონდა.  20 ივნისის სისხლიანი მოვლენების შედეგად მედიის 31 წარმომადგენელი დაშავდა.

ჟურნალისტების აქცია ასევე გაიმართება: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, გორში, ახალციხეში, ხარაგაულში, კახეთში.