ნუ გვიწვევთ, ვეუბნები ბოკერია-სააკაშვილის პარტაქტივს – ირმა ინაშვილი

“პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში  პარლამენტთან მომხდარ გუშინდელ ინციდენტს ეხმაურება, სადაც ემზარ კვიციანმა აქციის მონაწილეებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ინაშვილი აცხადებს, რომ  გმობს ძალადობას,თუმცა მისთვის ასევე მიუღებელია მოღალატის დაძახება, რამაც მისი თქმით, კვიციანს წონასწორობა დააკარგვინა.

“ძალადობას ამართლებთ? ” -, მკითხა დღეს ჟურნალისტმა. რა თქმა უნდა, არ ვამართლებ! არც მე და არც ნებისმიერი ჭკუათმყოფელი ადამიანი, მაგრამ ძალადობა მარტო ფიზიკური შეხლა- შემოხლა, ცემა და წამება არ არის. ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ფორმა ადამიანის ღირსების შელახვაა, ადამიანის შეურაცხყოფაა და რაც პარლამენტის შესასვლელთან ხდება, ესაა ძალადობა მიმართული ადამიანის ღირსების წინააღმდეგ, ამიტომ ვინც ემზარ კვიციანს კბენს, წარმოიდგინოს საკუთარი თავი მის ადგილზე. ძალადობის ამ ფორმის მიზანია დაურღვიოს ე. წ. მსხვერპლს წონასწორობა. მერე კი, საკუთარი თავი წარმოაჩინოს მსხვერპლად.

ამდენად, დეპუტატია, თუ არადეპუტატი, ყველას აქვს ღირსება. დამიძახო “მოღალატე” (როცა არა ვარ) ნიშნავს, რომ მიწვევ ემოციური აფეთქებისკენ. ნუ გვიწვევთ, ვეუბნები ბოკერია-სააკაშვილის პარტაქტივს, რომელიც საკუთარ თავს ე.წ. ახალგაზრდა აქტივისტებს უწოდებს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

გასათვალისწინებელია ისიც, ვინ გეძახის მონას და მოღალატეს. როცა ამას არამართალი ხალხი აკეთებს, ასმაგად დამთრგუნველია”-წერს ინაშვილი.