ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა მსოფლიოში გამწვავებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა. მან მსოფლიოს მომზადებისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, არავინ უნდა იფიქროს, რომ არ დაინფიცირდება და ისე მოემზადოს, თითქოს დაინფიცირდება.
,,კოვიდ19-ის 200 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, 8 000-ზე მეტმა ადამიანმა სიცოცხლე დაკარგა… ვიცით, რომ ბევრი ქვეყანა ეპიდემიის ესკალაციის წინაშე დგას. ჩვენ გვესმის თქვენი ხმა, ვიცით ის უზარმაზარი სირთულეები, რასაც აწყდებით, და ის უშველებელი ტვირთი, რომლის ქვეშაც ხართ. გვესმის, როგორი დამამწუხრებელი გადაწყვეტილებების მიღება გიწევს, გვესმის, რომ სხვადასხვა ქვეყანა და საზოგადოება სხვადასხვა სიტუაციაშია, დაავადების გადაცემის სხვადასხვა დონით.
ყოველდღიურად, ჯანმო ესაუბრება ჯანდაცვის მინისტრებს, სახელმწიფოების მეთაურებს, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პირებს, საავადმყოფოების მენეჯერებს, ინდუსტრიის ლიდერებს, კომპანიების ხელმძღვანელებს, და სხვებს, რათა მათ დაეხმაროს მომზადებასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში, სპეციფიკური სიტუაციების მიხედვით.
ნუ ივარაუდებთ, რომ თქვენს საზოგადოებაზე ეს გავლენას არ მოახდენს, მოემზადეთ ისე, თითქოს – მოახდენს. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ არ დაინფიცირდებით, ისე მოემზადეთ, თითქოს დაინფიცირდებით“, – განაცხადა WHO-ს დირექტორმა.
უახლესი ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით 212 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 8787-ს მიაღწია.