სხდომაზე დაპირისპირება „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას მოჰყვა, რომელიც იუსტიციის საბჭოში დამტკიცებული სამი არამოსამართლე წევრის უკან გაწვევას შეეხებოდა.
ანრი ოხანაშვილმა გააკრიტიკა გიგა ბოკერიას განცხადებები.
„ბატონო გიგა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თქვენი აქ მოსვლა განპირობებული იყო ერთი მთავარი არგუმენტით, რომ სამართლებრივ საკითხებში იყავით ძალიან სუსტად და აქეთ მოგვთხოვეთ თურმე, ჩვენ უნდა გვეთქვა და აგვეხსნა თქვენთვის, არაჯეროვანი შესრულება რას ნიშნავს. ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ხართ ამ თვალსაზრისით, რომ ვერ ენდობით კომიტეტში თქვენს იმ წევრებს, რომლებსაც საკითხი უნდა წარმოედგინათ და მოხვედით აქ იმისთვის, რომ თქვენი სუბიექტური ინტერესი გაგეტარებინათ,“ – განაცხადა ოხანაშვილმა.
სხდომაზე იმყოფებოდა ასევე შალვა შავგულიძე, რომელმაც „ოცნების“ წევრების განცხადებები გააკრიტიკა.
„გაქვთ დავალება და ვალდებულება, რომ ეს წინადადება არ უნდა მიიღოთ, გადაგყავთ თემა რაღაც პოლიტიკურ შეკითხვებზე, არის თუ არა მავანი პოლიტიკური პატიმარი და ა.შ. ეს მიუთითებს ზუსტად იმ სამწუხარო ფაქტზე, რომ “ქართულ ოცნებას” აქვს დანაშაულებრივი გარიგება იუსტიციის საბჭოს იმ კლანთან,“ – აღნიშნა შავგულიძემ.
ამაზე პასუხად კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა მიმართა კითხვით შავგულიძეს, რომ დაეკონკრეტებინა, რას ფიქრობს, არის თუ არა ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი.
„რატომ განერვიულდით. პასუხი გაგვეცით, არის თუ არა პოლიტპატიმარი ვანო მერაბიშვილი. ქალბატონი ელენე თვლის, რომ პოლიტპატიმარია, ბატონი გიგა თვლის პოლიტპატიმარია, თქვენ როგორ თვლით,“ – აღნიშნა მათიკაშვილმა.
დაპირისპირება ოხანაშვილსა და ეკა ბესელიას შორსაც მოხდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიას კრიტიკასაც უპასუხა – „ნუ მისტირით ქალბატონო ეკა ამ სკამს, შემიძლია გაჩუქოთ ეს სკამი… გაჩუქებთ ამ სკამს, შეგიძლიათ წაიღოთ სახლში.“