“ნუ მომკლავ” – ამ მოწოდებით პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ ზესტაფონში აქცია–პერფორმანსი მოაწყო. მერობის კანდიდატმა ბავშვებთან ერთად “ფეროს” ქარხნის ღობეზე დაწერა: “ნუ მომკლავ,” “სიცოცხლე უფალმა გვაჩუქა.”
მან ამ ფორმით ქალაქში არსებული ეკოლოგიური პრობლემები გააპროტესტა. მისი თქმით, „ფერო“ ზესტაფონის ნომერ პირველი პრობლემაა, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით კი, ქარხანაზე ფილტრებს არ ამუშავებენ.
“დღეს აქ მოვედი ბავშვებთან ერთად, მათ შორისაა ჩემი 12 წლის შვილი. ჩვენ ერთად გავაპროტესტეთ ზესტაფონში არსებული პრობლემა. „ფეროს“ ღობეზე ბავშვებმა დახატეს ნახატები და თხოვენ ადმინისტრაციას, ნუ მოკლავენ თაობებს. ქარხანაში ტექნიკა მოძველებულია, ფილტრებს კი ელექტროენერგიის დაზოგვის გამო არ ამუშავებენ. ეს არის დანაშაული ერის, ღმერთის და ბუნების წინაშე. გაზრდილია დაავადებულთა რაოდენობა და ადამიანები რთულ მდგომარეობაში არიან და ამაზე ზრუნვა არ უნდათ,” – განაცხადა გოგი წულაიამ.
აქციის მონაწილეებს წარწერების გაკეთების შეწყვეტისკენ მოუწოდეს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. მათი თქმით, ეს კერძო საკუთრებაა და მისი დაზიანება დანაშაულია. მათი განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ხატვას არ შეწყვეტენ, პატრულს გამოუძახებენ.