ვანო ზარდიაშვილის პარლამენტიდან წასვლაში, რაც ოფიციალური ვერსიით დეპუტატმა თვითონ გადაწყვიტა, არაოფიციალური ვერსიით კი ივანიშვილმა გაუშვა, უფრო სერიოზულ პროცესებს ხედავს უმრავლესობის ყოფილი წევრი, დავით ჭიჭინაძე. მისი თქმით ოცნებამ შესაძლოა კახა კალაძე გაწიროს, რომელიც 72 მილიონის გაფლანგვის საქმეში ფიგურირებს. ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლე სიის მიხედვით პარლამენტში ირაკლი ზარქუა უნდა ყოფილიყო, რომელიც კალაძის გუნდის წევრია, თუმცა ზარქუამ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა და თბილისის საკრებულოში დარჩენა ამჯობინა. დავით ჭიჭინაძე თვლის, რომ ზარქუას პარლამენტარობაზე უარი ათქმევინეს:
“ზარდიაშვილის გაშვებით „ქართულმა ოცნებამ“ თვითგანახლების პროცესი დაიწყო, მაგრამ რამდენად დროულია ეს და ვისით ჩაანაცვლებს, ეს მეორე საკითხია. რადგან იმდენად ბევრნი არიან ეს „კოლექტიური ზარდიაშვილები“, რომ „ოცნება“ მაშინ პრაქტიკულად უსისხლოდ უნდა დარჩეს. მითუმეტეს, რომ ქართული ოცნება“ დღეს გარკვეული ჯგუფებით, თუ დაჯგუფებებითაა დაკომპლექტებული.
ამასთან, ფაქტია ისიც, რომ ზარქუამაც კი უარი თქვა ზარდიაშვილის ადგილმონაცვლეობაზე, თუმცა არა იმიტომ, რომ პარლამენტარობა არ სურს.საქმე იმაშია, რომ აუდიტის სამსახურმა, რომელიც საკმაოდ კარგად, ინტენსიურად და ეფექტურად მუშაობს, ბოლო პერიოდში 33 დასკვნა დადო, მაგრამ არცერთ მათგანზე პროკურატურის მიერ საქმის გამოძიება არ დაწყებულა.
უმრავლესობის კიდევ ორი წევრის მიერ პარლამენტის შესაძლო დატოვებაზე წერს ქრონიკა +–ის რედაქტორი ელისო კილაძე. მისი ინფორმაციით პარლამენტს მალე დატოვებენ მამუკა მდინარაძე და სოფო კილაძე. ორივე მათგანი პარლამენტში კალაძის გუნდის წევრად ითვლება.