სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში განცხადებების მიღების ბოლო ვადა ამოიწურა.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას 9 კანდიდატი მიიღებს. კანდიდატთა სია აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა.
დირექტორობის კანდიდატები არიან:
მერაბ წულუკიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტი;
დავით ჩხარტიშვილი, ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მთავარი სპეციალისტი;
გიორგი წულაია, აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი;
გოგა კოხრეიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი;
ბაჩო გურაბანიძე, აჭარის ტელევიზიის გადაცემა „დილის ტალღის“ ხელმძღვანელი;
ნათია ზოიძე, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;
ირმა ზოიძე, საგამოძიებო სტუდია REC -ის ჟურნალისტი;
ნუგზარ ბაჩუკი ჩხეიძე, საზოგადოება „ბათუმელის“ დამფუძნებელი
თორნიკე მჟავანაძე, უსკოს წევრი
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური, მას შემდეგ რაც ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს. ჯერ კიდევ კაპანაძის გადაყენებამდე გაჩნდა ვერსიები, რომ მაუწყებლის შემდეგ დირექტორად თორნიკე მჟავანაძე მოიაზრებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მჟავანაძე „ქართული ოცნების“ აქტივისტი იყო.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ხელფასი 3300 ლარია. დირექტორს სამი წლის ვადით აირჩევენ.
განცხადების გადარჩევის შემდეგ, კანდიდატებთან შედგება გასაუბრება.
მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო ახალ დირექტორს არაუგვიანეს 4 ივნისისს აირჩევს.