უმრავლესობიდან წამოსული გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე ქართული ოცნების კულუარებზე საუბრობენ. ტვ პირველის ეთერში მათ ოცნების შიგნით გამართული “წვრთნები“ გაიხსენეს, რომლებიც პარტიის წევრებს უტარდებათ. ეს ეპიზოდი მათ პარტიის ახალი წევრების მოძიებისთვის დაწყებული კამპანიის კომენტირებისას გაიხსენეს. ზვიად კვაჭანტირაძე ადასტურებს, რომ ოცნების წევრებს ამეცადინებდნენ იმაში, თუ “როგორ უნდა დაიყენო მეტყველება, როგორ უნდა დაჯდე კამერის წინ.“ ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს, რომ რამდენიმე შეხვედრაში ისიც მონაწილეობდა.
“მე სულ ორ თუ სამ შეხვედრაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. მითხრეს ტყუილად იკავებ ადგილს, გადი აქედანო და გავედი. მაგრამ იმართებოდა ჯგუფურად ასეთი შეხვედრები. ამაში განსაკუთრებული არაფერია. ამას მგონი ყველა აკეთებს.“ – “ცოტა სასაცილო თემად მეჩვენა და თავიდან რომ მითხრეს მეგონა კომედიურ შოუს იწერენ და ალბათ იმისთვის უნდათმეთქი ეს ყველაფერი. ჩვენ ეს გამოვიარეთ რა. ჩვენ დავინახეთ როგორ უნდა პარტიას ტრენინგებით შექმნას პოლიტიკოსები. პრობლემა არის არა იმაში რომ ტრენინგებს უტარებენ პოლიტიკოსებს, პრობლემა ის არის რომ ამ ტრენინგებით აპირებენ ცალკეული პიროვნებებისგან პოლიტიკოსების შექმნას.
თუ პოლიტიკოსი რომელიც შეიქმნა ქუჩაში, საზოგადოებასთან ურთიერთობაში, თავისი ბიოგრაფიით, საჭიროებს რაღაცის დახვეწას, ამაში ლოგიკა არის. მაგრამ როდესაც ქმნი ლაბორატორიას, სადაც ხელოვნურად გინდა გამოიყვანო შარიკოვები და მათ დაარქვა პოლიტიკოსები, ეს სხვაა.“ – ამბობს გედი ფოფხაძე.














