“ოცნების” რეფორმით მივიღეთ უზარმაზარი საერთაშორისო კრიტიკა და კლანი უზენაესში-ასე ეხმაურება ლელოს პოლიტსაბჭოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ანგარიშს, სადაც აღნიშნულია, რომ მოსამართლეების შერჩევის პროცესი მიკერძოებული პოლიტიკისაგან დაცული არ იყო.
“დასკვნაში მწვავედ და კრიტიკულად არის შეფასებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი, რომელსაც ჩვენ პირველივე დღიდან, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კანონპროექტი მზადდებოდა პარლამენტში, ვაკრიტიკებდით. ვხედავდით რა, რომ ეს პროცესი იყო სრული ფარსი, ის არ ემსახურებოდა უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას კეთილსინდისიერი და პროფესიონალი კადრებით, არამედ ემსახურებოდა ერთადერთ რამეს, რომ ქართულმა ოცნებამ მიიტაცოს და ჯიბეში ჩაიდოს საქართველოში სასამართლოს უზენაესი და ბოლო ინსტანცია.
ქართული ოცნების მიერ გატარებული რეფორმის შედეგად ჩვენ ორად ორი რამ მივიღეთ: ჩვენ ვერ მივიღეთ დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო, მაგრამ მივიღეთ უზარმაზარი საერთაშორისო კრიტიკა და უვადოდ გამწესებული ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანი ახლა უკვე უზენაეს სასამართლოში”, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.