ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა 2 თებერვალს 11 საათზე ცენტრალურ ოფისში იკრიბება. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.ოფიციალური ინფორმაციით შეხვედრის თემა ისევ სასამართლო სისტემა იქნება, თუმცა შეხვედრის თემატიკა სავარაუდოდ ამით არ შემოიფარგლება და საკმაოდ მწვავე იქნება, რადგან უმრავლესობა ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახვველი კადრების გავრცელების საკითხის განხილვას გვერდს ვერ აუვლის.
ეკა ბესელია არ მალავს, რომ საკუთარი გუნდის წევრებთან პრეტენზიები აქვს. მან ქართული ოცნების სოლიდარობის განცხადებას დაგვიანებული უწოდა, უმრავლესობის ზოგიერთი წევრის კომენტარებს კი პოზიციას კი მიუღებელი. ბიძინა ივანიშვილს სავარაუდოდ კიდევ ერთხელ მოუწევს საკუთარი გუნდის წევრებს შორის “ურთიერთობების დალაგება“. დღეს ბესალიამ დაადასტურა, რომ წინა შეხვედრისას ირაკლი კობახიძემ მას ბოდიში მოუხადა. კულუარული ინფორმაციით ბოდიშის მოხდა კობახიძეს ბიძინა ივანიშვილმა მოსთხოვა.
ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლა მოსამართლეობის კანდიდატების თაობაზე მის მიერ საჯაროდ გამოთქმულ კრიტიკულ პოზიციას უკავშირდება. სწორედ ამ თემას მოჰყვა უმრავლესობის შიგნით დაპირისპირება. ბესელია იმასაც ამბობს, რომ მოსამართლეთა ჯგუფს, რომელიც მისი ამ პროცესიდან ჩამოშორებით და დისკრედიტაციით არის დაინტერესებული პარლამენტში გარკვეული ჯგუფი ზურგს უმაგრებს.
ეკა ბესელია საკუთარი გუნდის წევრებისგან მკაფიო პოზიციის გამოხატვას ელის.
“მინდა დავინახო ვინ ემიჯნება ამ პროცესს. ყალბი სიტყვებით, ყალბი ფრაზებით და ქვეტექსტში შეპარული ორაზროვანი განწყობით კი არა, რაც რამდენიმე კომენტარში მოვისმინე და სირცხვილი იყო ის კომენტარი რამდენიმე ადამიანის. არ მინდა დავკონკრეტდე და სახელები და გვარები იყოს ჩემი საუბრის შინაარსი. ასე საუბარი– არ მინახავს და არ უნახავს და ამიტო…, უხერხულია ასე საუბარი.“ – განაცხადა გუშინ ბესელიამ.