ოდესაში არის პლაჟი, რომელსაც სააკაშვილის პლაჟს ეძახიან – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ოდესაში არის პლაჟი, რომელსაც სააკაშვილის პლაჟს ეძახიან.ამის შესახებ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ჩართვისას განაცხადა.

„მე ახლა ვიმყოფები ოდესაში, ოდესიდან მოგესალმებით, ძალიან მზიანი დღეა. აქ მიყვარს ხოლმე ველოსიპედით სიარული და აქ არის ჩემი საყვარელი კაფე, სადაც შემოვდივარ და ეგრევე იციან, რომ თითო ჭიქა „სოვინიონ ბლანი“ უნდა დავლიო ახალზელანდიური ან ოდესური. ცოტა ხნის წინ ამ კაფეში მოვიდა ჩემთან ერთი ადამიანი, სურათი გადაიღო, ბევრი მოდის ხოლმე სურათის გადასაღებად და მერე მითხრა, რომ ბიზნესი ჰქონდა ბათუმში, ააშენა იქ კორპუსი და ამ კორპუსის აშენების ნებართვაში გამოართვეს მას ქრთამი.მან თქვა, მეუბნებოდნენ, რომ საქართველოში ქრთამს არ იღებდნენ, ჩავედი და აი, ასეთი სიტუაცია მაქვს, ქრთამი აიღეს. დღეს დილას მოვფრინავდი ოდესაში თვითმფრინავით, გვერდზე გადმომიჯდა ბიზნესმენი ამერიკელი, ფლორიდიდან და მან მითხრა, რომ შემოაქვს დიდი რაოდენობით რაღაც პროდუქტები, უკრაინაშიც, საქართველოშიც. მან მითხრა, რომ ადრე, თქვენს დროს საქართველოში სამოთხე იყო, მერე კიდევ ორი-სამი წელი გაგრძელდაო, ბოლო ორი წელი ინტენსიურად იღებენ ქრთამებს ისევ საბაჟოზე და მაინც სიტუაცია ცოტა ჯობია უკრაინას. მაგრამ ქრთამები დაიწყო და კორუფცია მთელი მასშტაბით. მე და ერთი დეველოპერი, უკვე ბათუმელი ამას წინათ გადავიკვეთეთ კიევში და მითხრა, რომ თბილისში კორპუსის აშენებაზე კალაძეს გადაუხადა ფული და საერთოდ, კალაძე ფულს იღებს ყველა კორპუსიდან, ყველა სამშენებლო ნებართვიდან. მე ამას იმიტომ გიყვებით, რომ ახლა ბევრი დისკუსიაა, უნდა შერჩეთ თუ არ უნდა შერჩეთ. აქ გვერდზე არის და ახლაც ბანაობს ხალხი, პლაჟი რომელსაც ოდესელები ეძახიან სააკაშვილის პლაჟს. ეს არის ძალიან ლამაზი ადგილი, მიტაცებული ჰქონდა ერთ კიეველ მილიარდერს და როდესაც მე აქ გავხდი გუბერნატორი, მივედი ბულდოზერებით, ჩამოვხსენი ეს ღობე, გავუხსენი ხალხს, დავიწყეთ ამ პლაჟის მოწყობა და დაარქვეს სააკაშვილის პლაჟი. რამდენიმე ასეთი პლაჟი დავუბრუნე მე ოდესელებს, რომელიც მიტაცებული ჰქონდათ ადგილობრივ თუ კიეველ ოლიგარქებს. ახლა მე მინდა გკითხოთ, უფრო სამართლიანი იქნებოდა, რომ გვეთქვა, ყველას ყველაფერი უნდა შერჩეს, ეს პლაჟი უნდა იყოს ოლიგარქის საკუთრებაში, სამართლიანი უნდა იყოს თუ არა ის, რომ ივანიშვილს შერჩეს ბოტანიკური ბაღი, რომლის დიდი ნაწილიც მიიტაცა? სამართლიანი იქნება თუ არა, რომ ივანიშვილს შერჩეს დენდროპარკი, რომელიც ამოთხარა, მთელი საქართველო გადათხარა? თუ სამართლიანი იქნება ის, რომ ეს დაუბრუნდეს ქართველ ხალხს და მაგალითად ზღვა დაუბრუნდეს თავის ნაპირებს და არა ისე, როგორც ივანიშვილმა მიიყვანა თავის სახლთან და მიწა დაფარა“, – განაცხადა სააკაშვილმა.