ოდირმა ოპოზიცია ძალიან მძიმედ დატუქსა- მდინარაძე

ქართული ოცნების წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ეუთო/ოდირმა ოპოზიცია მძიმედ დატუქსა, რადგან თქვა, რომ ის ვერ განსაზღვრავს საარჩევნო მოდელის კონსტიტუციურობის საკითხს.

მისი თქმით, თუ ოდირი ამბობს, რომ ვერ გაარჩევს ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობას, მაშინ ვერც იმას დაწერდა, არის თუ არა მოდელი კონსტიტუციასთან შესაბამისი. მდინარაძის შეფასებით, ოპოზიცია არაკომპეტენტურია, რაც ქვეყნისთვის უხერხულია.

,,თუ ეუთო/ოდირი გეუბნება, რომ ისინი ვერ გაარჩევენ იმ თემას, რასაც ჰქვია კონსტიტუციურობის საკითხი, მაშინ ვერც იმას დაწერენ, რომ კონსტიტუციურია და ვერც იმას დაწერენ, რომ არაკონსტიტუციურია. ამაზე მოჭიდება და საზოგადოების ამით მოტყუება, რეალურად, ძალიან დიდი სირცხვილია. ეუთო/ოდირმა ოპოზიცია ძალიან მძიმედ დატუქსა. ძალიან სამწუხაროა, შეიძლება ეს ჩემი მხრიდან, როგორც სუბიექტური ადამიანის მხრიდან, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ოპოზიციაზე რაღაც გამარჯვება იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც ქვეყანაში გყავს ოპოზიცია, რომელიც ეუთო/ოდირის შეფასებით არის ძალიან არაკომპეტენტური, ეს არის ზოგადად, უხერხული“,- ამბობს მდინარაძე.

ის ასევე აღნიშნავს, ოდირმა თქვა, რომ ყველა საარჩენო მოდელი ლეგიტიმურია და ის სახელმწიფოს ასარჩევია.

„ოდირმა ზოგადად იმსჯელა და თქვა, რომ ნებისმიერი მოდელი, მათ შორის, მაჟორიტარული, შერეული და პროპორციული არის ლეგიტიმური და სახელმწიფოს გადასაწყვეტია, რომელ მათგანს აირჩევს. ასევე, რა თქმა უნდა, მითითება იყო შიდაკონსენსუსთან დაკავშირებით, მითითება იყო გარკვეულ ხარვეზებზე“,- აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი.

დასკვნაში ნათქვამია, რომ ,,საერთაშორისო სტანდარტები არ ითვალისწინებს საარჩევნო სისტემების არჩევანს. საარჩევნო სისტემის არჩევა, იქნება ეს მაჟორიტარული, პროპორციული, ჰიბრიდული თუ ალტერნატიული სისტემა, ექვემდებარება ფართო დისკუსიას, რაც შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს წარმოადგინონ რეფორმირების პოზიტიური და უარყოფითი შედეგები”.

ეუთო-ოდირის დასკვნის მიხედვით, ოპოზიციის მიერ წარდგენილი შეთავაზება შეესაბამება “უნივერსალური, თავისუფალი, ფარული და პირდაპირი ხმის მიცემის, ასევე პერიოდული არჩევნების პრინციპებს.