Boeing–ის ხელმძღვანელი თანამდებობიდან კომპენსაციის გარეშე, თუმცა 62 მილიონი დოლარით მიდის

ამერიკული კორპორაცია Boeing–ის ხელმძღვანელი, დენის მიულენბურგი თანამდებობიდან ისე გაათავისუფლეს, რომ კომპენსაციას არ გადაუხდიან, თუმცა კომპანია მას კონტრაქტის ფარგლებში 62 მილიონ დოლარს მაინც მისცემს.

“მადლობელი ვართ დენისის კომპანიაში თითქმის 35 წლიანი მუშაობის გამო. გათავისუფლების შემდეგ დენისი იმ მოგებას მიიღებს, რომელიც მას კონტრაქტით ეკუთვნის, თუმცა ის ვერ მიიღებს კომპენსაციას ან პრემიას გასული წლის შედეგების მიხედვით. “–ნათქვამია კორპორაციის განცხადებაში.

ამგვარად, მიულენბურგმა დაკარგა 14.6 მილიონი დოლარი გასული წლის შედეგების მიხედვით, თუმცა მთლიანობაში კომპანიისგან 62 მილიონს მიიღებს.

Boeing–ის ახალი შეფი, დევიდ კელჰუნი კომპანიისგან 7 მილიონ დოლარს მიიღებს, თუ 737 Max მოდელის ლაინერების ფრენების აღდგენას მიაღწევს. მათი ფრენა გასული წლის მარტიდან აკრძალულია ორი ავიაკატასტროფის გამო, რომლებსაც 346 ადამიანი შეეწირა.

კელჰუნი მოვალეობების შესრულებას 13 იანვარს უნდა შეუდგეს. მანამდე მას კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ეკავა.

მიულენბურგის გათავისუფლების შესახებ 23 დეკემბერს გახდა ცნობილი. ის კომპანიაში 1985 წელს მივიდა და 2015 წელს მის მეთაურად დაინიშნა. მანამდე კი კოსმოსის, თავდაცვისა და უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

პრობლემური ლაინერი

16 დეკემბერს Boeing–მა განაცხადა, რომ 2020 წლის იანვრიდან შეაჩერებდა 737 Max–ის მოდელების წარმოებას. ოქტომბერში კი კომპანია აცხადებდა, რომ წლის ბოლომდე ამ მოდელების ფრენა განახლდებოდა, თუმცა სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ დეკემბერში დაადასტურა, რომ არ დაუშვებს 2020 წლის დასაწყისამდე ლაინერების ფრენის განახლებას.
ავიაკატასტროფების ამ მოდელის ლაინერების ფრენის შეჩერების მიუხედავად კომპანია მათ წარმოებას მაინც განაგრძობდა.

ამერიკის კონგრესმა მოსმენა ჩაატარა, რომელზეც ითქვა, რომ ამერიკის საავიაციო ხელმძღვანელობა 2018 წელს ინდონეზიაში ამ მოდელის კატასტროფის შემდეგ გაფრთხილებული იყო ინციდენტის გამეორების რისკზე. ავიაციის ფედერალური სამსახურის მიერ ჩატარებული ანალიზით, თვითმფრინავის შემდგომი ექსპლუატაციის შედეგად შესაძლოა კიდევ მინიმუმ 10 კატასტროფა მომხდარიყო, თუ 737 Max–ის კონსტრუქციაში ცვლილებებს არ შეიტანდნენ.

კიდევ ერთი დარტყმა Boeing-ის პრესტიჟისთვის კოსმოსურ ხომალდ სთარლაინერთან დაკავშირებული წარუმატებლობა გახდა, რომელმაც ტექნიკური შეცდომის გამო ვერ შეძლო საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ორბიტაზე გასვლა.