ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ბრალს მუქარასა და ხულიგნობაში წაუყენებენ. რობაქიძე, რომელსაც ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, გუშინ დააკავეს.
ვახტანგ რობაქიძე მოსამართლის განჩინების საფუძველზეა დაკავებული. მას ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 239-ე მუხლებით წარუდგენენ, რაც მუქარასა და ხულიგნობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ვახტანგ რობაქიძეს ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც ვახტანგ რობაქიძესა და ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
რობაქიძე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას სასამართლოს გადაწყვეტილებით 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.