ტელეკომპანია პირველის მფლობელი ვატო წერეთელი ანრი ოხანაშვილის შეურაცხმყოფელ კომენტარებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ოხანაშვილს უჩვეულო არაფერი გაუკეთებია და ამას უკვე შეეჩვია ტელევიზია.
,,დღეს უმრავლესობის დეპუტატს,ოხანაშვილს ,დიანას ეთერში უჩვეულო არაფერი გაუკეთებია. ამას უკვე შევეჩვიეთ. დიდი ხანია, ვეღარ მალავთ ზრახვებს:
• კრიტიკულ შეკითხვას უსვამ – ტენდენციური ხარ
• მათთვის არასასურველ სტუმარს მოიყვან- ტენდენციური ხარ
• დებატებში დიდი ხანია, აღარ დადიან
• რამეს გამოიკვლევ – ტენდენციური ხარ
• თუ ამ ყველაფერს აკეთებ – უზნეო ყოფილხარ
• ყველა ტენდენციურია – ოკეანის იქით და ოკეანის აქეთ – კონგრესიდან ზოვრეთის ქუჩამდე.
• ობიექტურობა სიჩუმე და ქება ყოფილა თურმე.
ტელევიზიის გადაყლაპვა გინდოდათ, ვერ გადაყლაპეთ და ყელში გაგეჩხირათ. ყველაფერს გავუძელით და ეს ყოველდღიური თავდასხმა შეგვაშინებს?!”,- წერს ვატო წერეთელი.
დღეს დიანა ტრაპაიძის ეთერში ანრი ოხანაშვილმა თამარ ჩიხლაძეს ამორალური და უზნეო უწოდა. ფაქტი დაგმო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ.
ანრი ოხანაშვილს უპასუხა ტელეკომპანია პირველის დირექტორმა, ინგა გრიგოლიამაც. ,,თქვენ ვინ დაგნიშნათ ჩვენი სარედაქციო პოლიტიკის მაკონტროლებლად? ვინ დაგნიშნათ ჩვენს უფროსებად?”,- მიმართა გრიგოლიამ ოხანაშვილს.