ოკუპაცია: სამოქალაქო პატრულირების ერთი დღე ატოცში

{{ARTICLEIMAGE}}
მათ მიმართ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ზოგი თვლის, რომ მხოლოდ და მხოლოდ გულმხურვალე პატრიოტები არიან, ზოგი მიიჩნევს, რომ პოპულისტობენ და იმ ქმედებებით, რასაც მათი პატარა ჯგუფი აკეთებს, უბრალოდ, „ქულების დაწერა სურთ“, ზოგი მიიჩნევს, რომ საკუთარი ბიზნესის წარმატებისთვის მუშაობენ… ასე მარტივიც არაა, ადგე და უბრალოდ დაიჯერო, რომ საკუთარი ქვეყნის ყოველი გოჯი ვინმესთვის ასეთი ძვირფასი შეიძლება იყოს. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ეჭვი მათ მიმართ დიდია. ვითარებაში უკეთ გასარკვევად ყველაზე მარტივია, უბრალოდ, ფაქტებს მივყვეთ

ერთ წელზე მეტია, დავით ქაცარავა და მოძრაობა “ძალა ერთობაშია” სამოქალაქო აქტივიზმს ახორციელებს და ისინი ჯერ არ დაღლილან. ერთი შეხედვით სრულიად უტოპიური იდეა რუსი მესაზღვრეების შეჩერების შესახებ არ ჩამკვდარა. დიდი სირთულითა და წვალებით, მაგრამ ის ხორცს ისხამს. გასული წლის ივლისში ქაცარავას ჯგუფი ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთზე გამოჩნდა. მათ განაცხადეს, რომ სურთ მეთვალყურეობის დაწესება ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად და რუსი მესაზღვრეებისგან თვითნებური ბორდერიზაციის პროცესის აღსაკვეთად. თავიდან ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა ერჯერად აქტივობას. ისეთს, როგორსაც ორგანიზაციები ან აქტივისტთა ჯგუფები პერიოდულად მიმართავენ, მიემგზავრებიან ეგრეთ წოდებულ საოკუპაციო ხაზთან/ზოლთან და ანტისაოკუპაციო გზავნილებს ავრცელებენ. “ძალა ერთობაშიას” ზაფხულის პატრულირება ერთჯერადი აქტი არ ყოფილა. ჯგუფის წევრები პატრულირებდნენ იქ, სადაც ვითარება ყველაზე მეტად იძაბებოდა. პარალელურად საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე პერიოდულად ჩნდებოდნენ იმისთვის, რომ რუსი ტურისტების ყურადღება მიეპყროთ და მათი სამშობლოს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ შეეხსენებინათ. დღეს “ძალა ერთობაშია” ატოცშია. იქ, სადაც მავთულხლართის გასავლებად 48 ბოძი უკვე გაამზადეს რუსმა მესაზღვრეებმა. მოძრაობის წევრები საველე პირობებში აღამებენ და ათენებენ იმისთვის, რომ ბორდერიზაციის პროცესი არ გაგრძელდეს.

ამერიკის ხმამ “ძალა ერთობაშია” ატოცში მოინახულა. ის პირობები, ის რეალობა, რაც ადგილზეა აქარწყლებს ყოველგვარ “მოსაზრებას” პოპულიზმით მოტივირებულობის შესახებ. ვერანაირი პოპულარობის სურვილი ვერ აიძულებს ადამიანს ნებაყოფლობით გაჩერდეს ყინვასა და ქარში, წვიმასა და ტალახში ღია ცის ქვეშ დანთებული კოცონის ამარა. ადგილზე, რომელიც სოფლიდან საკმაოდ მოშორებითაა და მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით მისვლაა შესაძლებელი ზამთრის პირობებში, ორიოდე საათსაც კი ფიზიკურად გაჩერება დიდ სირთულეს წარმოადგენს. ატოცში, ეგრეთ წოდებულ საოკუპაციო ხაზთან დგომა რომ საკმაოდ რთულია, ისიც მოწმობს, რომ მოძრაობის სამი წევრი გუშინ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში, გრიპის ვირუსით (ერთ-ერთს H1ნ1 დაუდგინდა) ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ამის მიუხედავად, მოძრაობა პატრულირებას არ წყვეტს.

რა ხდება ატოცში?

ატოცში იმ დროს წავედით, როდესაც იქ არანაირი მასობრივი ღონისძიება არ იყო დაგეგმილი. როგორია არაფრით გამორჩეული, სამოქალაქო პატრულირების ერთი ჩვეულებრივი დღე – აი, ეს გვინდოდა გვენახა. სადაა სახლი ატოცში, რომელსაც მოძრაობის წევრები მოსასვენებლად იყენებენ, ყველამ იცის. საველე ბანაკი კი სოფლიდან მოშორებითაა. “იარეთ, სანამ გზა არ დასრულდება, შემდეგ კი ანტისაოკუპაციო ტაქსს დაინახავთ, ჩვენი წარმომადგენელიც მანდ დაგხვდებათ და ჩვენამდე მოგიყვანთ,”- გვეუბნება დავით ქაცარავა ტელეფონზე საუბრისას. ანტისაოკუპაციო ტაქსი, რითაც აქტივისტები ბენზინისა და კვების ფულის შეგროვებას აორგანიზებენ, ტალახიანი გზის ბოლოს, ეულად დგას. შემდგომ უკვე ფეხით უნდა წახვიდე. დაახლოებით, ნახევარი საათი და ადმინისტრაციულ საზღვართან მოხვდები. სანამ ბანაკი გამოჩნდება, უკაცრიელი ჩანს ყველაფერი. რუსი მესაზღვრეების მიერ დასმულ ბოძზე, შორს საქართველოსა და უკრაინის დროშები ერთად ფრიალებს. ბანაკიც აქაა. ორი, ერთმანეთს მართი კუთხით მიდგმული ძელსკამი და კოცონი მათ შორის – ესაა აქაური კომფორტი. სტუმრების გამოჩენისთანავე მოძრაობის წევრები ფუსფუსს იწყებენ, გათბობასა და ასკილის ცხელ ჩაის გვთავაზობენ. ეს ნამდვილი შვებაა. ისეთი გემრიელი ასკილის ჩაი როგორიც აქაა, ალბათ, არსად არ იქნება. “ირგვლივ სულ ასკილის ბუჩქებია, ვკრეფთ და ჩაის ვამზადებთ, ჩვენც ძალიან მოგვწონს. ადგილობრივები 80 თეთრად ყიდდნენ, ჩვენ კიდევ, თბილისში რამდენიმე კაფეს დავაკავშირეთ, რომლებიც აქაურებისგან ასკილს სამ ლარად იბარებენ. ასე, რომ ბიზნესის განვითარებაშიც ვეხმარებით,”- გვეუბნება დავით ქაცარავა. ასკილი პაზლის უმნიშვნელო დეტალია, თუმცა ადამიანის სულისკვეთებასა და ხასიათზე მიანიშნებს. სამი ლარი ასკილში და შემდგომ ეს ორი დეტალი რეპორტაჟში, მრავლისმთქმელი ქვეტექსტის მატარებელია და ამიტომაც ილექება მეხსიერებაში. სწორედ ეს პატარა დეტალი შეგახსენებს იმას, რომ ვიღაც არა მხოლოდ, უბრალოდ წავიდა, დადგა ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზთან და ინტერვიუების მიცემა დაიწყო, არამედ, იფიქრა აქაურ ასკილზეც, აქ მაცხოვრებელ უკიდურესად მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებზეც და ათას ნაცნობთან გადარეკა თბილისში იმისთვის, რომ რომელიმე კაფე ან მაღაზია ეპოვა, ვინც იყიდიდა ასკილს საოკუპაციო ხაზიდან.

მოძრაობა “ძალა ერთობაშია” საინტერესო ფენომენია. იმ “ლაივებიდან”, ცოცხალი ვიდეოებიდან, რასაც დავით ქაცარავა სოციალური ქსელით ავრცელებს, ატოცში ბევრი ადამიანი ჩამოდის. ბევრს არც სურს საკუთარი თავის აფიშირება. გვეუბნება, რომ სამსახურს შეუთავსა ასეთი გრაფიკი და კვირაში სამი დღე ჩამოდის. ამგვარი პრინციპით გუნდს ბევრი მოხალისე უერთდება. მოძრაობის წევრები კი ამასობაში ახალი წლის ატოცში, საოკუპაციო ხაზთან აღნიშვნის გეგმებს აწყობენ.

რამდენად შესაძლებელია აქტივიზმი ასეთ რთულ პირობებში? – ამ კითხვაზე დავით ქაცარავას შესაშურად ოპტიმისტური პასუხი აქვს. ის ამბობს, რომ დანებებას არ აპირებს და იდგება მანამ, სანამ ეს იქნება საჭირო. ამბობს, რომ ამ ენთუზიაზმის შედეგს ხედავს, რადგან მათი აქტივიზმის გამო მესაზღვრეებმა ლითონის ბადე ჩასმულ ბოძებზე ვეღარ გაავლეს. ამბობს, რომ არ მისცემს საშუალებას პროცესი გააგრძელონ და სწამს, რომ თანამოაზრეთა გაზრდის შემთხვევაში, როგორც ადგილზე, ისე ხელისუფლებაში, რუსეთის პოლიტიკა შეიცვლება.

18 დეკემბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ერგნეთში ოსურმა მხარემ მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” საკითხი დააყენა და განაცხადა, რომ ისინი ქმნიან რისკს ადგილზე. შეხვედრიდან გამოსულმა ირაკლი ანთაძემ, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ყველა მოქალაქეს საქართველოს ტერიტორიაზე აქვს უფლება გადაადგილდეს და დადგეს იქ, სადაც მას სურს და რომ პოლიცია ამას ვერ აკრძალავს. ქაცარავასთვის ოსური მხარის შეშფოთებანიშნავს იმას, რომ მათი ყოფნა ატოცში რუსებისთვის დისკომფორტია. ეს კიდევ ერთი მიზეზია სამოქალაქო აქტივისტებისთვის საქმიანობის გასაგრძელებლად.

“ამერიკის ხმა”