ოკუპაციის პირობებში, გარანტიები არ არსებობს, არსებობს მუდმივი ძალისხმევა – ეს განცხადება სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ბორდერიზაციის პროცესი შეჩერებულია, თუმცა ოკუპაციის პირობებში, იმის პროგნოზირება, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადადგან რუსმა ოკუპანტებმა მომავალში, შეუძლებელია.
მისი თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ ადამიანების დახმარება, რომლებიც რუსი ოკუპანტების ქმედების შედეგად დაზარალდნენ.
„ამ ეტაპზე, შეჩერებულია უკანონო მოქმედებები სოფელ გუგუტიანთკარში. დღეს იცით, რომ იქ ვიმყოფებოდი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან და ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად. იმ პერიოდისათვის, არ მიმდინარეობდა სამუშაოები. მთავარი გახლავთ ის, რომ სახელმწიფომ გააკეთა და გააგრძელებს მომავალშიც ყველა იმ ბერკეტის გამოყენებას, რომელიც მიმართული ამ პროცესის შეკავებისაკენ და საბოლოო ჯამში უკუქცევისკენ და მეორე, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესით დაზარალებულ ადამიანებს ჩვენ გვერდშიო დავუდგეთ. გარანტია ოკუპაციის პირობებში, დიდი ბოდიში, არ არსებობს. მაშინ იქნება ამოწურული ეს საკითხი, როდესაც ჩვენ მივაღწევთ მთავარ მიზანს საქართველოს მშვიდობიან გაერთიანებას და თითოეული სანტიმეტრი ამ მავთულხლართების დაიშლება, ასევე მშვიდობიანად. ამიტომ, ოკუპაციის პირობებში, გარანტიები არ არსებობს, არსებობს მუდმივი ძალისხმევა,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.