გატაცების მორიგი შემთხვევა – გორის რაიონის სოფელ ახალუბნიდან, რუსმა ოკუპანტებმა 7 ახალგაზრდა გაიტაცეს.
სავარაუდოდ საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეები ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.
გატაცების ფაქტს ადასტურებს მეჯვრისხევის მერიის წარმომადგენელი. მისი ინფორმაციით, ახალგაზრდები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან და მათი ასაკი 18-დან 34 წლამდეა. ისინი სოფელთან მდებარე წმინდა გიორგის სალოცავში მოსალოცად იმყოფებოდნენ, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს.
შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს, რა ვითარებაში მოხდა გატაცება უცნობია.
ოკუპანტები ოჯახებს ჯერ არ დაჰკავშირებიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ჩართულები არიან საერთაშორისო დამკვირვებლები და ზუსტდება ინფორმაცია.
„7 ბიჭი წაიყვანეს. მე სულ შემთხვევით გამოვედი, ერთ-ერთის ბებია გარბოდა ზევით და მეთქი, რატომ მირბის-თქო და გავიგეთ, რომ ბიჭები წაუყვანიათ. 7-ნი არიან წაყვანილები, ახალუბნელები არიან ყველა… გასულები იყვნენ პურის საჭმელად და იქიდან წაიყვანს და რატომ და რისთვის არ ვიცით. წმინდა გიორგის სალოცავია, იქ მივიდნენ და იქიდან წაიყვანეს“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.