ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული ენის სწავლების აკრძალვას გეგმავენ და ქართულ სასწავლებლებში სწავლის მსურველებს ემუქრებიან

გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელის, თემურ ნადარაიას განცხადებით აფხაზეთიდან თბილისში სასწავლებლად წამოსული სტუდენტების შესაჩერებლად ქმედით ღონისძიებებს გაატარებენ – ასეთ სტუდენტებს აფხაზეთში ცხოვრების უფლების ჩამოართმევენ.

“160 მოზარდი წავიდა საქართველოში სასწავლებლად, ტყვარჩელისა და გალის რეგიონიდან, 30-მა კი აფხაზეთის საგანმანათლებლო დაწესებულებები აირჩია. რეგიონის მოსახლეობის ინტეგრაციის ყველა ჩვენი მცდელობა იბლოკება საქართველოს ასეთი გადაწყვეტილებებით.

იმ რაიონებში მცხოვრებთა უმრავლესობას, რომლებიც საქართველოში სწავლას ირჩევენ, აქვთ ბინადრობის უფლება. კანონის თანახმად, პირებს, რომლებსაც აქვთ ბინადრობის უფლება და აფხაზეთში ექვს თვეზე მეტს არ ცხოვრობენ, ეს უფლება ჩამოერთმევათ.

გვინდა ვუთხრათ უფროსკლასელებს, რომ მათ აქვთ უფლება აირჩიონ საქართველო სასწავლებლად, მაგრამ 6 თვის შემდეგ მათ ჩამოერთმევათ აფხაზეთში ცხოვრების უფლება და აქ ჩამოვლენ, როგორც უცხოეთის მოქალაქეები, ვიზით. ეს ერთ-ერთი ღონისძიებაა, რაზეც იძულებული ვართ წავიდეთ.

ჩვენ შევწყვეტთ ქართული ენის სწავლებას სკოლებში. ჩვენი კანონი და კონსტიტუცია არ ავალდებულებს ჩვენს ქვეყანას იზრუნოს ქართულ ენაზე,“ – აცხადებს ოკუპირებული გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელი თემურ ნადარაია.

აფხაზური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ნადარაია  იმ აფხაზ პაციენტებზეც საუბრობს, რომლებიც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მკურნალობას გადიან: “როცა საქმე უკავშირდება ადამიანების სიცოცხლეს, ჩვენ არ შეგვიძლია პირობების დაყენება. საქართველოში ცდებიან, მიიჩნევენ, რომ სამედიცინო დახმარება გახდება აფხაზეთის  დამოუკიდებლობაზე უარის თქმის მიზეზი,” – განაცხადა თემურ ნადარაიამ.