ოკუპირებულ ახალგორში ჭაში 60 წლამდე ასაკის ქალი ჩავარდა

ცოტა ხნის წინ, ოკუპირებულ ახალგორში შვიდი მეტრის სიღრმის ჭაში 60 წლამდე ასაკის ქალი ჩავარდა. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. მისი ახლობლები დაშავებულის თბილისში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები პაციენტის ცხინვალის საავადმყოფოში გადაყვანას გეგმავენ.  

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელის ნუგზარ თინიკაშვილის განცხადებით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი გადმოყვანა საქართველოს ცენტრალური ხელისუფების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. 

„რამდენიმე მეტრიანი სიღრმის ჭაში ჩავარდის შედეგად დაშავდა ოკუპირებულ დაბაში მცხოვრები, ღვაწლმოსილი პედაგოგი თამარ გიგაური. მე ტელეფონით ვესაუბრე მისი ოჯახის წევრებს. მაქვს ინფორმაცია, რომ გიგაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია და მიზანშეწონილი არ არის მისი ცხინვალში გადაყვანა. იმედს ვიტოვებ, რომ დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები გაითვალისწინებენ შექმნილ მდგომარეობას და გიგაურის ახლობლებს საშუალებას მისცემენ, რომ სამედიცინო სერვისი მიიღოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“,-განაცხადა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.