ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა სლოვაკეთში საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა სლოვაკეთში საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს. ე.წ. დელეგაციას ე.წ.სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი თამილა მერცხულავა ხელმძღვანელობს. ამ ფაქტის ამსახველი ფოტომასალა და ინფორმაცია ე.წ.სავაჭრო-სამრეწველო პალატის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა. მასში წერია, რომ გამოფენა სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში 24 იანვარს გაიხსნა და სავაჭრო პალატამ აფხაზური წარმოების პროდუქცია წარადგინა. გახსნას კი რუსეთის ელჩი სლოვაკეთში და რუსეთის სავაჭრო პალატის წარმომადგენელი დაესწრნენ.


სლოვაკეთში საერთაშორისო გამოფენაში ოკუპირებული აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მონაწილეობასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა სოციალურ ქსელში სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ საქართველოს საელჩოს კომუნიკაცია ჰქონდა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სადაც განუმარტეს, რომ გამოფენა სლოვაკეთის მთავრობის მიერ არ არის ორგანიზებული და მისი ორგანიზატორია რუსი ეროვნების კერძო პირი. განცხდებაში აღნიშნულია, რომ სლოვაკეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერას.