ომბუდსმენი აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. არაფორმალური მმართველობის ფაქტები ფიქსირდება

სახალხო დამცველმა პარლამენტში ანგარიში წარადგინა და პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. ანგარიშის მთავარი საკითხი იყო ციხეში ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტის არსებობა.

ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის ვიზიტებს ციხეებში წინ უძღოდა სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი, კვლევის საკითხების განსაზღვრა და მონიტორინგის ამოცანებთან მისადაგება.

„დაწესებულებაში არსებული შიშისა და ანგარიშსწორების რისკის გათვალისწინებით, ჩვენ შევიმუშავეთ ინფორმაციის მოპოვების იმდაგვარი სტრატეგია, რომელიც ერთის მხრივ უზრუნველყოფდა ობიექტური ინფორმაციის მიღებას, ხოლო მეორეს მხრივ პატიმრებს დაიცავდა სავარაუდო ანგარიშსწორების საფრთხისგან. სახალხო დამცველმა მიიღო ყველა ზომა, რათა ვიზიტის შემდგომ გადამოწმებულიყო, ხომ არ ჰქონდა დაწესებულების თანამშრომელთა ან პატიმართა მხრიდან ანგარიშსწორებას ან მუქარას ადგილი, იმ პატიმართა მიმართ, რომელთაგანაც მოვიპივეთ ინფორმაციები. მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის შემდეგ პატიმრებზე ანგარიშსწორების ფაქტებს ან მუქარას ადგილი არ ქჰონია. ვაგრძელებთ დავკვირვებას ამ მიმართულებით.

ფსიქოლოგიური ძალადობა ძირითადად გამოძალვაში, დამცირებაში, გარიყვასა და სხვა ქმედებაში გამოიხატება. ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში ჯგუფური გასაუბრების დროს, სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს საცხოვრებელ კორპუსში და ეზოში მსჯავრდებულთა გარკვეული ჯგუფი (სავარაუდოდ კრიმინალური სუბკულტურის მიმდევრები) დაჰყვებოდნენ, რომლებიც სხვა მსჯავრდებულებს გულახდილად საუბრის საშუალებას არ აძლევდნენ.

მონიტორინგმა გამოავლინა, რომ თითოეული საკნის „საწევრო“ გადასახადის ეკვივალენტის ყავა და სიგარეტი ბარდება არაფორმალურ მმართველებს. ამის შემდგომ კი, პატიმრები სიგარეტს არა მაღაზიაში, არამედ „მაყურებლისგან“ ყიდულობენ. მათი ახლობლები თანხას რიცხავენ „მაყურებლების“ მიერ კონტროლირებულ საბანკო ანგარიშებზე ან სპეციალურად გახსნილ ტოტალიზატორის ანგარიშზე“ ,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.