{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, კახეთის ინციდენტის დროს, გარკვეულ მომენტებში, აქციის მონაწილეების ქმედებებიც გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს. კახეთის ინციდენტზე მორიგი განცხადება ომბუდსმენმა დღეს გააკეთა.
ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრის, დავით კირკიტაძის დაკავებასთან დაკავშირებით ომბუდსმენის აცხადებს, რომ ეს საკითხი სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა:
“ვფიქრობ, ორი დღის წინანდელ აქციაზე იყო გარკვეული დარღვევები, გარკვეულ შემთხვევებში, მათ შორის, აქციის მონაწილეების ქმედებებიც გასცდა მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების ფორმებსა და ფარგლებს.”
ლომჯარიას თქმით, მნიშვნელოვანია, გამოძიება მხოლოდ ცალმხრივი არ იყოს. ომბუდსმენის განცხადებით, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ობიექტური, მიუკერძოებელი გამოძიება უნდა წარიმართოს.
“ჩვენ მთელი დღის მასალებს ვსწავლობთ, რათა დავადგინოთ ვისი მხრიდან ჰქონდა გადაცდომას ადგილი, მათ შორის, იმას, როგორ შეასრულეს თავისი ფუნქცია პოლიციელებმა, ხომ არ ჰქონდა ადგილი ძალის გადამეტებას. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება ჩვენი მოსაზრებები. ყველა ასეთ დელიკატურ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება მხოლოდ ცალმხრივი არ იყოს,” – განუცხადა ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა.
ნინო ლომჯარიამ 17 დეკემბერს განაცხადა, რომ თუ დავით კირკიტაძე სახალხო დამცველის აპარატს მიმართავს, ომბუდსმენი მის საქმეს შეისწავლის და ჩაერთვება.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით 17 დეკემბერს დააკავეს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ადვოკატის თქმით, დავით კირკიტაძემ შიმშილობა დაიწყო.
წყარო – “ნეტგაზეთი”